ქართველი სამხედროები ქაბულში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდნენ
ქართული ოცეული, რომელიც ISAF–ის მისიაში ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მსახურობდა ქაბულში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში გააგრძელებს სამსახურს, რადგანაც საფრანგეთის სამხედრო ძალები ეტაპობრივად ტოვებენ ავღანეთს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ორშაბათს, რომ გაძლიერებული ქართული შენაერთი 50–მდე ჯარისკაცის შემადგენლობით ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან“ ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე“ გადავიდა, რომელიც ძირითადად ავღანური არმიის გაწვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.
ქართული სამხედრო დანაყოფი "ფენიქსზეც" ბაზა „ვერჰაუზის“ მსგავს ამოცანას შეასრულებს. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ორი ქართული ქვეითთა ბატალიონი მსახურობს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად.
საქართველომ გასულ შემოდგომაზე ავღანეთის მისიაში თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.
სულ საქართველომ ISAF-ის მისიის ფარგლებში 22 სამხედრო დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)