
სემეკის თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის უფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა
პარლამენტმა 30 მაისს პირველი მოსმენით, ხოლო პარასკევს უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში ამ ცვლილებების ავტორი ენერგეტიკის სამინისტროა, ხოლო ინიციატივა პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად მთავრობამ 23 მაისს წარუდგინა.
ცვლილებების მიხედვით, სემეკის 5 წევრს ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე წევრებიდან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნიშნავს.
სემეკის ამჟამინდელი ხელმძღვანელის თანამდებობა გურამ ჩალაგაშვილს უკავია 2007 წლის აგვისტოდან და შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურება.
სემეკი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ენერგო და წყალმომარაგების ტარიფებს ადგენს, გასცემს და აუქმებს ლიცენზიებს და განიხილავს მისი რეგულირების სფეროში წარმოქმნილ დავებს.