ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადადგა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე თანამდებობიდან გადადგა დავების საბჭოს რეფორმაზე უთანხმოების მოტივით.
„ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე“, – დაწერა ებრალიძემ თავის Facebook–ის გვერდზე 30 მაისს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ებრალიძე კურირებდა საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებას და იყო დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ებრალიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავების საბჭოს რეფორმაზე უთანხმოების გამო დაწერა.
„რეფორმების მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე, თუნდაც, მაღალი რანგის თანამდებობის პირზე. რეფორმები არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ძირითადი კურსი და სამინისტროში, ისე როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გაგრძელდება რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომ ლიბერალიზაციას და დახვეწას, ასევე, დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფას, რათა ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს სრულყოფას და გადამხდელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)