Placeholder canvas
ახალი ამბები

გალის ორ მკვიდრს ‘საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის’ ხანგრძლივი პატიმრობა შეეფარდათ

სეპარატისტული აფხაზეთის სასამართლომ გალის რაიონის ორი მკვიდრი დამნაშავედ ცნო „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ და მათ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 27 მაისს.

სოფელ თაგილონის მკვიდრებს, ჯემიკო ოკუჯავას და ოთარ ჯღარკავას, რომლებიც 2012 წლის მარტში დააკავეს, შესაბამისად 13 და 11.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

„აფსნიპრესი“ იტყობინება სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ორი მამაკაცი 2011 წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველომ გადაიბირა; შემდეგ კი ორმა მამაკაცმა აფხაზეთში განთავსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების ოფიცერი გადაიბირა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. 

სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურმა აღნიშნა განცხადებაში, რომ თავისი მუშაობის პერიოდში „ჯაშუშობის ქსელმა მოახერხა შეეგროვებინა და გადაეცა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს“. მათ შორის იყო ინფორმაცია სასაზღვრო პოსტებზე არსებული შეიარაღების შესახებ; ახალი რადიო სიხშირეების შესახებ, ასევე იმ პირთა მონაცემების შესახებ, რომელთანაც სასაზღვრო სამმართველოს ოპერატიული განყოფილება მუშაობდა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა ბიურომ 2012 წლის 12 მარტს დააკავა რუსეთში, ხოლო გალის რაიონის ორი მკვიდრი აფხაზურმა მხარემ სამი დღის შემდეგ აფხაზეთში დააკავა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button