ახალი ამბები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გმობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ დაგმო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სოფელ დიცისა და დვანის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების გავლების ფაქტი, რამაც „სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას“.

„მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრვი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას“, – ნათქვამია ჯაფარიძის წერილობით განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „ოკუპანტ ძალას“ შეასრულოს „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციაზე“.

დეპუტატის თქმით, „ამგვარი პროვოკაციები“ საფრთხის შემცველია ჟენევის ფორმატში და ასევე ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფარგლებში „სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვისათვის“.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის განცხადებაში ასევე დაგმო მომხდარი, მიმართავს, რათა გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიზნით, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას განსაკუთრებული ყურადღებისა და რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button