
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 23 მაისს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის და „ერთ–ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის“ ვანო მერაბიშვილის დაკავება ნათლად წარმოაჩენს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის „არაერთგზის ღიად გამოცხადებულ განზრახვას ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში“.
„ოპოზიციის განადგურების ეს კამპანია შენიღბულია ე.წ. სამართლიანობის აღდგენით და სინამდვილეში წარმოადგენს შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წაიკითხა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაცვლად იმისა, რომ გამოსწორდეს გაუარესებული ეკონომიკური და კრიმინოგენული სიტუაცია, მთავრობა „ოპოზიციის ღია დევნითაა დაკავებული, რისი მიზანია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ოპონენტების შევიწროება, კამპანიისთვის ხელის შეშლა, ოპოზიციის დეზორგანიზაციისა და დემორალიზაციის სურვილი“.
ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ–ერთი „გამორჩეული“ ლიდერის დაკავება „ადამიანური თვალსაზრისით მძიმე დარტყმაა“, პარტია კიდევ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება „მთავრობის უგუნურ, საქართველოსთვის დამღუპველ პოლიტიკას“.
პარტიის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო და იქნება „საქართველოს ევროპული მომავლისთვის, კრიმინალის და კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის“ ბრძოლის წინა ხაზზე.
This post is also available in: English Русский