ახალი ამბები

მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს

ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან გაავლო პარალელები და მთავრობა ისეთი ნაბიჯების გადადგმის წინააღმდეგ გააფრთხილა, რომელიც საქართველოს „საერთაშორისო იზოლაციამდე“ მიიყვანს.

„თქვენ იცით, რომ უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით, ვიდრე წაუყენეს მერაბიშვილს და ამის შემდეგ რა მდგომარეობაშია უკრაინა – უკრაინა გაყინულია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში; პრაქტიკულად არანაირი წინსვლა ევროკავშირის და ნატოს მიმათულებით ამ ქვეყანას არ აქვს; მას შეექმნა სერიოზული პრობლემები ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკულად ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ერთი სიტყვით, ამხელა უკრაინა, რომელიც სჭირდება სასიცოცხლოდ ევროპას, დასავლეთს, ამერიკას, ნატოს, ყოფილი პრემიერ–მინისტრის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, როგორც ასე ითვლება, პრაქტიკულად აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში“, – განაცხადა მან.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრად ნაკლებად ვჭირდებით დასავლეთს, ვიდრე უკრაინა… მაგრამ ბევრად მეტად ვჭირდებით რუსეთს, ვიდრე უკრაინა და რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ყველა უნდა დაფიქრდეს რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს ყოფილი პრემიერ–მინისტრის და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, – განაცხადა მან.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კახეთის რეგიონის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა:  „თუკი მეორე ადამიანი არსებობს ჩემს შემდეგ საქართველოში, ვისი მოშორება, გადადგურება, დაკავება შეიძლება უნდოდეს ვლადიმერ პუტინს, ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილი“.

სანამ 2012 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს ელჩი იყო ევროპის საბჭოში და შემდეგ ელჩი შვეიცარიაში.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჭიაბერაშვილის „ტიტანური მცდელობის შედეგად მოხდა ჩვენი პოზიციების წინ წამოწევა… ოკუპაციის ტერმინის დაკანონება“. მისი თქმით, ახალი მთავრობის პირობებში ეს საკითხი „გამქრალია ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგიდან“. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჭიაბერაშვილის დამსახურებაა ისიც, რომ  საქართველომ მიაღწია იმგვარ შეთანხმებას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე, რომელიც სრულად ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს.

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება სასამართლო, რომელიც სამართლიან განაჩენს გამოიტანს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button