ახალი ამბები

უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე, 16 მაისს, გაკეთებულ წერილობით განცხადებასთან დაკავშირებით, რამაც, უსუფაშვილის თქმით, წააქეზა ათასობით კონტრდემონსტრანტი, რომ ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ემოქმედათ.

„მე როდესაც ერთი დღით ადრე გავეცანი ამ განცხადებას, ცოტა არ იყოს გავოცდი“, – განაცხადა უსუფაშვილმა 20 მაისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქშოუში საუბრისას.

16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკლესია „ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს“, ხოლო ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს „მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად“ განიხილავს, რომლებსაც „დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა“.

ამ განცხადებაზე საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გაცილებით ადრე დაანონსებული აქციის წინა დღით ასეთი განცხადების გაკეთებამ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ვერ გააუქმებდა აქციას, რადგანაც ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა, ხელი შეუწყო იმ მოვლენების განვითარებას, რასაც 17 მაისს ჰქონდა ადგილი. 

„არა მგონია, რომ ამ განცხადებამ პოზიტივი შეიტანა იმიტომ, რომ ძალიან მარტივად იყო ცხადი და გასაგები, რომ ამ მოწოდების შემდეგ ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკრძალავდა იქ; დემონსტრანტები, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიება, ამ მოწოდების გამო უარს არ ამბობდნენ თავიანთი ღონისძიების ჩატარებაზე, ხოლო ის ხალხი, რომელიც ამ ღონისძიებას უყურებდა ეჭვის თვალით თუ აგრესიულად, მათთვის ეს იყო გარკვეულწილად რჩევა, მითითება, მათი პოზიციების გამყარება, რომ ‘თუ სახელმწიფო არ აკრძალავს, მაშინ ჩვენ თვითონ ავკრძალავთ მას’“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან რამდენჯერმე გაიმეორა თოქშოუს დროს, რომ კრიტიკის გამოთქმა ან გაანალიზება, მათ შორის პატრიარქის მიერ გამოთქმული მოსაზრების, სავსებით სწორია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს საერო ცხოვრებას ეხება.

„უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფო ცხოვრების ასეთ კონკრეტულ საკითხებზე… გამოთქმული მოსაზრება, თუნდაც ეს მოსაზრება ეკუთვნოდეს მის უწმინდესობას, მისი განსჯა, გარკვევა, ანალიზი, დათანხმება, არ დათანხმება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა; ეკლესიურ ცხოვრებაში რა და როგორ ხდება, ეს ჩვენი საქმე არ არის; მაგრამ როდესაც საუბარია საერო ცხოვრების იმ ნაწილზე, მოქალაქეებმა სად გაიარონ, არ გაიარონ, შეიკრიბონ, არ შეიკრიბონ, ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ თემაზე კრიტიკული პოზიციის გამოთქმა, თუ არ დათანხმება, ან ანალიზი, ეს არის სწორი და აუცილებელი და ამას ყველა უნდა შეეგუოს, ამ შემთხვევაში ეკლესიის წარმომადგენლებიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე აცნობიერებს თუ არა იგი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და მისი წინამძღოლის შესახებ ასეთი განცხადების გაკეთება, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს მის პოლიტიკურ რეიტინგზე, უსუფაშვილმა უპასუხა: „პოლიტიკოსმა, პირველ რიგში, ის უნდა გააცნობიეროს, რომ აუცილებლად წააგებს არჩევნებს ადრე თუ გვიან; ეს ‘ადრე თუ გვიან’ იქნება შემდეგი არჩევნები, თუ იმის შემდეგი… ამაშიც უნდა შევთანხმდეთ, რომ სამუდამო არაფერია“.

„საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ თუ პოლიტიკოსები ჯერ მოვისმენთ თუ რა უნდა ხალხს და მერე მას გავახმოვანებთ, მაშინ პოლიტიკას ჩამოვცილდეთ… პოლიტიკოსმა უნდა უსმინოს ხალხს, მაგრამ ხალხს იმიტომ უნდა პოლიტიკოსი და იმიტომ უნდა მთავრობა, რომ ასეთ კრიტიკულ საკითხებში მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

10 აპრილს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პრობლემები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც არსებობს, რაც "ტაბუდადებული" არ უნდა იყოს.

კითხვაზე, თუ რას ეტყვის ის ათასობით კონტრდემონსტანტს, უსუფაშვილმა განაცხადა: „ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც შესაძლოა აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული ქცევის წესები, განსხვავებული გემოვნება და განსხვავდებიან ჩვენგან“.

„კითხვაზე, მე მომწონს თუ არა ჰომოსექსუალობა? არ მომწონს. მინდა რომ საქართველოში უმრავლესობა ასეთი ადამიანები იყვნენ? არ მინდა… ამის გამო ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან იმ ტიპის განსხვავებული ადამიანები, რომ სადღაც მათი ერთად შეკრება არის დანაშაული და ქვეყანას დააქცევს, მე მგონი პირიქით არის“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ კონტრდემონსტრანტების არგუმენტი, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ჰომოსექსუალობის „პროპაგანდაა“, არასწორია და კონტრდემონსტრანტების ქმედებებმა უფრო მეტი "პიარი" გაუკეთა ლგბტ აქტივისტების აქციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button