ახალი ამბები

სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

პრეზიდენტი სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრს მოანა კარკასეს კალოსილის შეხვდა ტაილანდის ქალაქ ჩან მაიში წყლის რესურსების უსაფრთხოებასთან მიძღვნილ აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში და მადლობა გადაუხადა მისი მთავრობის გადაწყვეტილების გამო სეპარატისტული აფხაზეთის აღიარების უკან წაღებასთან დაკავშირებით.

წყნარი ოკეანის ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის აღიარების ირგვლივ გაურკვევლობა არსებობდა.

ვანუატუმ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, თუმცა 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო;  შემდეგ კი ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა, 2011 წლის ივნისში ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან, 2012 წლის აპრილში რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ იმ სიაში, სადაც ის ქვეყნები ფიგურირებდნენ, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს, ვანუატუც იყო ჩამონათვალში.

2013 წლის მარტში ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სეპარატისტულ აფხაზეთთან.

მოანა კარკასეს კალოსილმა, რომელიც ვანუატუს მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში მოვიდა, განუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ როცა აფხაზეთის აღიარების საკითხი  წინა მთავრობაში განიხილებოდა, სადაც მას 2011 წელს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, ის სეპარატისტული რეგიონის ცნობის წინააღმდეგ გამოდიოდა და მაშინ მთავრობაში ამ თემაზე პოზიციები გაყოფილი იყო. 

„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა რუსეთმა განიცადა დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან სერიოზული მარცხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი“, – განაცხადა სააკაშვილმა ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს აქტიური დიპლომატიური მცდელობების და საქართველოს მიმართ დასავლელი მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად.

„მოვა ის დროც, როცა რუსეთიც დაიხევს ამ აღიარებისგან უკან – ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთთან ერთად საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული აქვთ ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და ტუვალუს.

წყლის რესურსების აზია-წყნარი ოკეანის რიგით მეორე სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდა ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას; ლაოსის პრემიერ-მინისტრს თონგსინგ თამავონგს; ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრს შეიხ ჰასინას; მიანმარის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს საი მაუკ ხამს; ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოჰამად ჯავად მოჰამადიზადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button