skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე აღნიშნა



პოლიციის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 19 მაისს მათ პროფესიულ დღეს აღნიშნავენ, რომელიც 2010 წელს იქნა შემოღებული და წინა შემთხვევებში 6 მაისს აღინიშნებოდა.  შსს-ს ფოტო

პოლიციამ აღლუმით და ახალი საპატრულო მანქანებისა და მოტოციკლეტების დემონსტრირებით აღნიშნა 19 მაისს პოლიციის დღე, რომელიც  2010 წელს იქნა შემოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე წარმოადგინა სამხრე ვიდეოკამერები, რომლის შემოღებაც იგეგმება. ეს კამერები, რომელიც პოლიციელის ფორმაზე იქნება მიმაგრებული, გამოყენებული იქნება სამოქალაქო პირებთან ურთიერთობების ჩასაწერად, რასაც უთანხმოების შემთხვევაში მტკიცებულების ძალა ექნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ  2 900 ასეთი კამერის შეძენას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ღონისძიებაზე პოლიციელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეაქო შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა: „მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, რამეთუ ამ მოკლე დროში მან დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული სტრუქტურის ღირსეულად მართვა და თქვენ გაქვთ ბედნიერება, რომ გყავთ ძალიან კარგი ხელმძღვანელი“.

„ეს არის ძალიან წესიერი კაცი, ძალიან მოწესრიგებული, ძალიან  საიმედო და თქვენ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც  არასდროს არ გიღალატებთ და არასდროს არ მიგატოვებთ გასაჭირში“, – განაცხადა პრემიერმა. 



ახალი საპატრულო მანქანა, რომლის პრეზენტაციაც 19 მაისის ღონისძიების ფარგლებში მოეწყო.  

შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა განუცხადა პოლიციელებს, რომ მთავარი პრიორიტეტია შეიქმნას „საზოგადოებაზე ორინეტირებული პოლიცია, დეპოლიტიზირებული პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას ეთიკისა და მორალის მოთხოვნების დაცვით და არამც და არამც მოქალაქეთა რეპრესირების, მათი ჩაგვრის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის გზით“.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციელებს პროფესიული დღე თავის  Facebook-ის გვერდზე მიულოცა და  სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მთავრობამ არც ის და არც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ დაპატიჟა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან ხაზი გასუვა, რომ ამგვარი მიდგომა შეუსაბამოა „პოლიციის დეპოლიტიზაციის“ თაობაზე ქართული ოცნების რიტორიკასთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button