ახალი ამბები

ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა

პარლამენტმა 17 მაისს მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც ავღანეთში, კერძოდ კი ქაბულში განთავსებული ქართული ოცეული ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადავა.

აღნიშნული ცვლილება შევიდა "ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ცვლილება განაპირობა ფრანგული კონტიგენტის როტაციამ და არ იწვევს ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას.

საქართველომ გასულ შემოდგომაზე ავღანეთის მისიაში თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

კვირის დასაწყისში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ქართველ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა, რამაც მისიის ფარგლებში  დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 22-მდე გაზარდა.

 

Back to top button