ახალი ამბები

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა



შირ გაზაის ბაზა ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად საქართველოს მე-4 ბრიგადის 42–ე ბატალიონის ჯარისკაცებიც არიან განთავსებულნი. ფოტოზე ჩანან ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც პატრულირებიდან ბაზაზე დაბრუნების შემდეგ იარაღი და სხვა აღჭურვილობა გადმოაქვთ ჯავშანმანქანებიდან 2013 წლის 7 მაისს. ფოტო: კაპრალი ალეხანდრო პენა/DVIDS 

სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორშაბათს საღამოს.

თავდასხმის შედეგად რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.   

ამ ეტაპზე ალასანიამ თავი შეიკავა თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობის დაკონკრეტებისგან, თუმცა განაცხადა, რომ ეს იყო „დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა“.

ამ ბოლო ინციდენტის შედეგად ISAF–ის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობამ 22 შეადგინა.

გუშინ დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღები ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონში მსახურობდნენ. ესენი იყვნენ: უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე; კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.
 
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც თვის დასაწყისში ქართველი სამხედროები მოინახულა ავღანეთში, განაცხადა, რომ ბაზაზე მეამბოხეთა „კომბინირებული თავდასხმა“ განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. მისი თქმით, თავდასხმა 13 მაისს 16:17 საათზე დაიწყო.

„თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს“, – განაცხადა ალასანიამ, „კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა ქმედებებმა აგვაცილეს თავიდან უფრო დიდი ტრაგედია“.

საქართველომ გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წლის ნოემბერში შეუერთდა განათავსა რა დაახლოებით 170 ჯარისკაცი ქაბულში. 2010 წლის აპრილში საქართველომ თავისი მონაწილეობა გაზარდა ჰელმანდის პროვინციაში ბატალიონის გაგზავნით, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში თითქმის გააორმაგა ავღანეთში თავისი კონტიგენტი ჰელმანდში კიდევ ერთი ბატალიონის დამატებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button