ახალი ამბები

სააკაშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება შეადარა მოვლენას, როცა რომის იმპერატორმა კალიგულამ თავისი ცხენი სენატორად წარადგინა; მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეცვალოს კანდიდატის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

„მე კონკრეტულად ამ კანდიდატურაზე არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, თავის დროზე როდესაც რომის იმპერატორმა… გადაწყვიტა, რომ თავისი დომინირების დემონსტრირება მოეხდინა  რომის საზოგადოებაზე, ცხენი აირჩია სენატში“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში ახალი საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიალზე  დასწრებისას.

„ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას“, – განაგრძო მან, „რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლის აზრს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და მან კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით“.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენისას 11 მაისს ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე იყო თუ არა ეს საბოლოო გადაწყვეტილება, უპასუხა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა არ შეიცვლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button