skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი საქართველოს სტუმრობს



პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი, 8 მაისი, თბილისი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

(განახლება: დამატებულია აშშ-ის საელჩოს განცხადება ვიზიტთან დაკავშირებით)

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა რობერტ მიულერმა 8 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან გამართა მოლაპარაკებები.

7 მაისს მიულერი მოსკოვს სტუმრობდა, სადაც ის რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიუროს მიერ ბოსტონის აფეთქებების გამოძიების საკითხი განიხილა, იტყობინება Associated Press-ი.

თბილისში აშშ-ის საელჩოს ცნობით, რობერტ მიულერის საქართველოში სტუმრობა "რეგიონული ვიზიტის" ნაწილია.  

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მან შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობის საკითხი განიხილა. თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დანაშაულსა და ტერორიზმთან საერთო ბრძოლის საქმეში", – ნათქვამია საელჩოს პრეს-რელიზში. 

"შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, პროდუქტიული და წარმატებულია", – აცხადებს საელჩო, "ეს ახლახან ბავშვის პორნოგრაფიის საქმეზე ერთობლივი მუშაობით დადასტურდა".

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თქმით, ფედერალურ ბიუროს საქართველოს სამართალდამცველ უწყებებთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 

"დირექტორი მიულერი დარწმუნდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები გამოძიების ფედერალური ბიუროს მტკიცე პარტნიორებად დარჩებიან", – აცხადებს აშშ-ის საელჩო. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მიულერთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი იქნა განხილული.

„პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა აშშ–ის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა პრემიერის პრესსამსახურმა.

8 მაისს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ასევე შეხვდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს განაგრძონ ბიუროსთან თანამშრომლობა და ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივად იმუშავონ, რათა გააღრმავონ ურთიერთობები „იმ ნაწილში, სადაც გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს“.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ოთხშაბათს ასევე გამართა მოლაპარაკებები შსს–ს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ტაბატაძესთან. 

ეს მიულერის მეორე ვიზიტია საქართველოში ბოლო სამ წელიწადში.  

იგი თბილისს 2010 წლის მაისში სტუმრობდა, როდესაც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან გამართა მოლაპარაკებები. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button