skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ ორშაბათს დასახელდება

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა „ალბათ“ ორშაბათს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კოალიციის წარმომადგენლები ამ თემაზე კონსულტაციებს გამართავენ.

პრემიერის ინფორმაციით, კოალიციის პოლიტსაბჭო ამ მიზნით შეკრებას შაბათს გეგმავს, ხოლო კვირას იგეგმება შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან. 

„სულ მალე გაიგებთ, ალბათ ორშაბათს ყველაფერი გეცოდინებათ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

მან ეს განცხადება 7 მაისს ბათუმში გააკეთა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართა შეხვედრა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ იქნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიციის კანდიდატი და ორი შესაძლო კანდიდატურის  – თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახი კალაძის  –  ვინაობა დაუსახელეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე თავს შეიკავებდა კონკრეტიკისაგან.

„მე მყავს ჩემი ფავორიტი, მყავს ჩემი კანდიდატურა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ჩემი კანდიდატურა გავიდეს“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა დასახელდეს „ჩვენი გუნდიდან“, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს „ყველა გაუწევს კონკურენციას და ყველა მოუგებს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button