
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვოლფგანგ გროსრუკი და ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარეში დელეგაციასთან ერთად 7-9 მაისს საქართველოს სტუმრობენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტაციებთან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა არსებული პოლიტიკური ვითარება და საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის სასამართლო სფეროში; ასევე კონფლიქტური რეგიონები და შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოტენციური სადამკვირვებლო მისიის მომზადება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარეში საქართველოს ბაქოდან ეწვია და თავის სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ერევანში დაასრულებს.
„გაჭიანურებული კონფლიქტები ყველაზე გადაუდებელ პრობლემებს წარმოადგენენ, რადგან აფერხებენ განვითარებას მთელ რეგიონში“, – იტყობინება ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ პრეს-რელიზში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სუარეშის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ასამბლეაში კონფლიქტების თემაზე საჭირო ფართო დისკუსიების მოწყობას.