skip to content
ახალი ამბები

საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას ადასტურებს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2 მაისს ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.

ამგვარი გადაწყვეტილება კომიტეტის მიერ მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და სპორტსმენს არ უნდა წაერთვას ისეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე გამოსვლის უფლება, როგორიც ოლიმპიური თამაშებია. 

მართალია პირდაპირ არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილი პრობლემატურია.

„ეს უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ოლიმპიადის ადგილიდან  რამოდენიმე კილომეტრში რუსეთმა ოფიციალურად, პოლიტიკურ დონეზე მოახდინა ეთნიკური წმენდის ლეგალიზება [აფხაზეთში],“ – განაცხადა სააკაშვილმა 2011 წლის თებერვალში, „ამ თვალსაზრისით, მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ არ შეგვიქმნია“. 

2011 წლის ოქტომბერში ჩეხეთის საინფორმაციო არხთან ČT24 ინტერვიუში, კითხვაზე გამოუცხადებდა თუ არა საქართველო ბოიკოტს სოჭის ოლიმპიადას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს არა მისი, არამედ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სოჭი აფხაზეთის გვერდითაა, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა და დასძინა: „ეს ის ადგილიცაა, სადაც ჩერქეზთა გენოციდი განხორციელდა“.

2011 წელს საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა.

საქართველოს თავად სურდა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს უჭერდა მხარს.

სააკაშვილმა განაცხადა 2011 წლის თებერვალში, რომ საქართველომ "ღიად და დიდი ენთუზიაზმით“ დაუჭირა მხარი სოჭში 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, "რადგანაც მე მიმაჩნდა, რომ ეს დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button