ახალი ამბები

ჯონ კერი ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა



პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას, 1 მაისი. სახელმწიფო დეპარტამენტის ფოტო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 1 მაისს ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა; მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და მიესალმა „ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას“.

„ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მადლიერი ვართ იმ დახმარების გამო, რომელსაც საქართველო გვიწევს ავღანეთთან მიმართებაში. საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე უმსხვილესი ნატოს არაწევრი ქვეყანაა. და მათ მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს 2014 წლის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით“, – განაცხადა კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის წინ.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსთან და ევროპასთან მიმართებაში“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მივესალმებით იმ დემოკრატიულ ტრანზიციას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ჩაერთო არჩევნების გზით ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემაში და ვიცი, რომ ის მზად არის განაგრძოს მუშაობა ვარდების რევოლუციის დემოკრატიული მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა კერიმ სააკაშვილზე, რომელსაც მან კარგი მეგობარი უწოდა.

„ვიცი, რომ მისი [სააკაშვილის საპრეზიდენტო] ვადა შემოდგომაზე იწურება. ძალიან მინდა, რომ მას მომავალზე ვესაუბრო“, – განაცხადა კერიმ, „დემოკრატიული ტრანზიცია საქართველოში აუცილებელია, ის მნიშვნელოვანია და მადლიერი ვართ ყველას ძალისხმევისა, რომ ეს გეზი შეინარჩუნონ“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე: „რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ვართ, რომ ნატოს შესახებ ვისაუბროთ“.

„ჩვენ ნატოსთან დაკავშირებით ამერიკის მხარდაჭერა გვინდა. ჩვენ ამერიკის მხარდაჭერა გვინდა შემდგომი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს გადარჩენისთვის ამ ძალიან რთულ და გადამწყვეტ მომენტში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„და, რა თქმა უნდა, გვინდა ძლიერი ამერიკა ვიხილოთ. და ვფიქრობ ამას ასევე შეუწყობს ხელს თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა, თქვენი გამოცდილებით, თქვენი საერთაშორისო რენომეთი, კონტაქტებით, რადგანაც ჩვენ მოხიბლული ვიყავით თქვენით მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც სენატორით, როგორც დიდი მეგობრით და ნადვილად გათვითცნობიერებული ადამიანით“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კერის სენატორის რანგში 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში სტუმრობისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის. 

სახელმწიფო მდივნის შეხვედრას სააკაშვილთან ერთი კვირით ადრე წინ უსწრებდა ჯონ კერის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ბრიუსელში 24 აპრილს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button