პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც 1 მაისს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის თბილისის ცენტრში შეხლა–შემოხლა მოხდა.
დემონსტრაცია, რომლის ორგანიზატორი სტუდენტების ჯგუფი „ლაბორატორია 1918“ იყო ლოზუნგით „დაიცავი შენი შრომის უფლება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბა და შემდეგ დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყო მსვლელობა.
ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდნენ, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო და რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დაეკავებინა მას შემდეგ, რაც მათ არ გაითვალისწინეს პოლიციის რამდენიმე გაფრთხილება, რომ არ შეეფერხებინათ ტრანსპორტის მოძრაობა; პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დემონტრანტები „საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ“. რამდენიმე დემონსტრანტმა განაცხადა, რომ მათ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე იმის გამო მოუწიათ გადასვლა, რადგანაც რაოდენობრივად ბევრნი იყვნენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში. მან უარყო ბრალდებები, რომ მათ პოლიცია ცუდად მოექცა ან შეურაცხყოფა მიაყენა დემონსტრანტებს.
შსს–მ განაცხადა ოთხშაბათს საღამოს, რომ ყველა დაკავებული დემონსტრანტი უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, რაც შესაძლოა მათზე ჯარიმის დაკისრებით დასრულდეს.
პროფკავშირებმა 1 მაისს ცალკე აქცია გამართა მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად; აქციამ პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)