ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიესალმებიან ივანიშვილის განცხადებას MAP–ზე

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიესალმნენ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ მიზნად დაისახა, რომ ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველომ გადადგას „მკვეთრი ნაბიჯი“ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).

„ამას მივესალმები, ვთვლი, რომ ამის გარშემო უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული და ეს გზა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც თვითონ [ახალი ხელისუფლება] რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეძახიან“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“  30 აპრილს.

ივანიშვილის განცხადებას დღეს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმომადგენლობაც მიესალმა, როგორც თავიდან ბოლომდე მხარდასაჭერ და გასაზიარებელ პოზიციას. 

„მე მინდა დავარღვიო ტრადიცია კრიტიკისა და აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის განცხადება გუშინდელი, რომელსაც მთლიანად და თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.

„ეს არის საქართველოს მთავრობისთვის ალბათ მთავარი მიზანი. როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე შიდა პოლიტიკური მიმართულებით ქვეყანამ მართლაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, როგორც აკეთებდა წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტზე 2013 წელს ჩვენ მივიღოთ ევროკავშირთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი, კერძოდ გავაფორმოთ ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან და შემდგომ, 2014 წელს უნდა მივიღოთ [ნატოში გაწევრიანების] სამოქმედო გეგმა“,  – განაცხადა მან.

გაბაშვილის თქმით, საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოსგან მიიღო „პოლიტიკური პირობა“ გაწევრიანების შესახებ და MAP-ი  ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით.

„ეს მგონი, რომ არის საერთო ამოცანა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდისა, და მე მიხარია, რომ საუბარი იმის შესახებ, რომ ნატო ძალიან შორეული პერსპექტივაა, საუბარი იმაზე, რომ საქართველომ შეიძლება ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს, პრემიერ-მინისტრის ადრინდელი განცხადებები, რომ საქართველოსთვის შეიძლება სამაგალითო იყოს ჩვენი მეზობელი სომხეთი… ეს შეიცვალა ამ ეტაპზე ამ განცხადების დონეზე მაინც“, – განაცხადა გაბაშვილმა.

„ეს ავიღოთ როგორც ათვლის წერტილი და ყველა ის შეცდომა, რომელიც თქვენ აქამდე დაუშვით, ჩავთვალოთ უბრალოდ შეცდომად“, – განაცხადა მან ახალი ხელისუფლების მისამართით.

თუმცა მან იქვე გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომ ივანიშვილის განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომზე და ლოპოტას სპეცოპერაციის შესახებ „ძალიან შემაშფოთებელია“  და "პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button