skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ერთი მინისტრის შესაძლო დათხოვნაზე მიანიშნებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ ერთ–ერთმა მინისტრმა მის მთავრობაში, რომელიც მან არ დააკონკრეტა, შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს. 

„დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნითვე მოვახერხებთ ამ მინისტრთან [პრობლემის] დალაგებას“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 29 აპრილს. 

პირველად იმის თაობაზე, რომ ერთ–ერთ მინისტრთან პრობლემები არსებობს, მან გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში ისაუბრა. იმავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ზოგადად "ძალიან კარგი" მთავრობა ჰყავს და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეაქო და დასძინა, რომ ალასანიაც არ მუშაობს ცუდად.

როდესაც მას 29 აპრილს ჰკითხეს, თუ რომელ მინისტრს გულისხმობდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის მოგვიანებით ისაუბრებს საჯაროდ ამ საკითხზე და პრობლემის მიზეზებზე და ამას იმ შემთხვევაშიც გააკეთებს, თუ ამ მინისტრთან პრობლემა დადებითად მოგვარდება.

პრემიერ–მინისტრის განცხადების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცის, თუ რომელ მინისტრს გულისხმობს ივანიშვილი.

„მე მგონია, რომ ყველა საკმაოდ კარგად მუშაობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრის კონსტიტუციური უფლებაა გაათავისუფლოს მინისტრი; პარლამენტს იმ შემთხვევაში მოუწევს განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, თუ მისი წევრების ერთი–მესამედი შეიცვლება. 

„ჩემი გადმოსახედიდან ამის საჭიროება-აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ ჩემი გადმოსახედი საკამარისი არ არის, ვინაიდან პრემიერ-მინისტრია ის თანამდებობის პირი, რომელიც ყოველდღიურად ადევნებს თვალს მინისტრების საქმიანობას“,  – განაცხადა უსუფაშვილმა.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button