
სააკაშვილი: ‘ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფება, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი ’
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა „სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფებოდა“.
„საბედნიეროდ, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი და პარტია თანდათან იწყებს ფეხზე წამოდგომას“, – განაცხადა სააკაშვილმა 28 აპრილს Facebook–ზე გამოქვეყნებულ პოსტში მას შემდეგ, რაც სამ ერთმანდატიან ოლქში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.
ბაღდათის და სამტრედიის ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა ხმების 21% და 18.7% მოიპოვეს, შესაბამისად. თბილისის ნაძალადევის ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ მესამე ადგილი აიღო ხმების 15%–ით.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არჩევნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მათ საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენიათ; ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების კანდიდატებს გამარჯვება მიულოცა.
„19 აპრილის კარგად ორგანიზებულმა და მრავალრიცხოვანმა აქციამ, ისევე, როგორც შუალედურმა არჩევნებმა, იქ, სადაც ნაციონალური მოძრაობა რეალურად ჩაერთო ბრძოლაში, აჩვენა, რომ პარტიას აქვს კარგი შანსი საქართველოს მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მარცხისაც და გამარჯვებისაც, მკარნახობს, რომ ახლა ყველაფერი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეა" დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის ახალი ენერგიისა და იდეების მოკრებას, სწორი ტაქტიკის შემუშავებას, ახალი ადამიანური რესურსების მოძიებას და დროულად გადაჯგუფებას. წინ დიდი გამოწვევებია და ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიჩინოთ სიმტკიცე და ერთიანობა რეგრესის შეჩერების საქმეში“.
27 აპრილს შუალედური არჩევნების კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატების გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.
„რაც მთავარია [არჩევნები] ჩატარდა წყნარად… ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი იქნება, ოღონდ სხვაობა მონაწილეებს შორის ძალიან დიდი იქნება. ჩემი გადმოსახედიდან, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 10%–საც ვერ მიიღებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
This post is also available in: English Русский