ახალი ამბები

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ‘საშიშ’ განცხადებას აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტკია პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების შესაძლო შედეგებზე გააკეთა, როგორც „უპასუხისმგებლო“ და „საშიში“ და განაცხადა, რომ საქართველო ტერორისტების მომზადებაში არასოდეს არ მონაწილეობდა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას, სადაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, საქართველო ამზადებდა ჩრდილო–კავკასიელ ტერორისტებს სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად“, – განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა 27 აპრილს გაავრცელა.

მისი თქმით, ივანიშვილის ეს განცხადებები „ზუსტად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც რუსები მთელი ეს წლები ეწეოდნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი დასუსტების და საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით“.

მისი თქმით, როცა აშშ-ში 15 აპრილს მომხდარი ბოსტონის ტერაქტის ფონზე, რომელშიც „სამწუხაროდ, იყო ორი ჩეჩენი გახვეული“, პრემიერ-მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს, გაუგებარია აცნობიერებს თუ არა ის „თუ რა შარში ხვევს არა მე –  და შეიძლება მან გააკეთა ეს ამ ამერიკაში ვიზიტისთვის, არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდა – არამედ ხვევს ჩვენ ქვეყანას, საქართველოს“.

„რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამერიკაში, სერიოზული ხალხია და ამას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ აქაც სხვადასხვა ძალები მუშაობენ  და თუ შენ გინდა ყველაზე მოკლე გზა, რომ  დააკარგვინო საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა, ე.ი. სრულიად  უიარაღოდ დატოვო ოკუპაციის წინაშე, სრული დახმარების გარეშე დატოვო ჩვენი მეგობრების საგარეო საფრთხის წინაშე, მაშინ ასეთ რაღაცეებში უნდა სცადო მათი დარწმუნება, სცადო ჩვენი მეგობრების დარწმუნება“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ სანამ პრეზიდენტის თანამდებობაზეა და მას „უსმენენ“ აშშ-ში, „ამას ალბათ ის ვერ მოახერხებს“.

„არ შეიძლება ამ თემებით თამაში“, – განცხადა მან, „ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს ეს ან არ ესმის ან არ სურს, რომ გაიგოს“.

შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ისე რომ არცერთი მინისტრი არ დაუსახელებია, მოუწოდა ივანიშვილის მთავრობის წევრებს, რომ „მიუთითონ“ პრემიერ-მინისტრს არ გააკეთოს მსგავსი განცხადებები.

„იქ [მთავრობაში] არის ხალხი, რომელსაც ეს არ შეიძლება, რომ არ ესმოდეთ, ბოლოს და ბოლოს სხვადასხვა თანამდებობაზე არიან ადრე ნამუშევარი საქართველოს სტრუქტურებში. თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, თქვენ მაინც მიუთითეთ პრემიერ–მინისტრს ამას ნუ აკეთებს და თუ არ გიჯერებთ, მაშინ საჯაროდ თქვით, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ეხება საქართველოს ყოფნა–არყოფნის და საქართველოს მომავლის საკითხს“, – განაცხადა მან.

„აქ ჩვენ გვმართებს სრული დისტანცირება და სრული გამიჯვნა ასეთი ტიპის, არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, მაგრამ უკიდურესად საშიში განცხადებებისგან“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მან კატეგორიულად უარყო მისი ხელისუფლების რაიმე კავშირი ტერორისტების მომზადებასთან.

„მე როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არამხოლოდ არასოდეს არ მონაწილეობდა არანაირი ტერორისტების მომზადებაში, არამედ სწორედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Back to top button