ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ–ს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც იგი ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს.

ამავე ინფორმაციით, სააკაშვილი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, არიზონას შტატში კი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ სედონას ფორუმში.  

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონია, რომელიც პრეზიდენტის ბიბლიოთეკას, მუზეუმს და ბუშის ინსტიტუტს აერთიანებს, 25 აპრილს გაიმართება და პრეზიდენტ ობამას, ასევე მის წინამორბედებს – უფროს ჯორჯ ბუშს, ბილ კლინტონს, უმცროს ჯორჯ ბუშს და ჯიმი კარტერს უმასპინძლებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სავარაუდოდ სედონას ფორუმის ფარგლებში გაიმართება.    

სააკაშვილი და ბაიდენი 26–28 აპრილს დაგეგმილ ფორუმის მონაწილეებს შორის არიან. 26 აპრილს ფორუმის გახსნით სადილზე აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტსა და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს შორის საუბარი შედგება.

წლევანდელი ფორუმის თემაა „როგორ უნდა შევუწყოთ ეფექტურად ხელი თავისუფლებას და დემოკრატიას?“ მონაწილეებს შორის, სხვებთან ერთად ასევე არიან კანადის თავდაცვის მინისტრი პიტერ მაკკეი; ლიბანის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მაჰმუდ ჯიბრილი; მაკედონიის პრეზიდენტი გიორგ ივანოვი; რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მიხეილ კასიანოვი; ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ანდრეი სანნიკოვი და სენატორები კელი აიოტი; ლინდსი გრეჰემი, ჯონ კილი, ჯო ლიბერმანი და შელდომ ვაითჰაუსი.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button