სტრასბურგში საქართველოს და რუმინეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრა გაიმართა
სტრასბურგში ვიზიტის ბოლოს დღეს, 24 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის რუმინელ კოლეგას ვიქტორ პონტას შეხვდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით აქტიური დახმარებისთვის. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა.
სტრასბურგში სამდღიანი ვიზიტის შეჯამებისას, სადაც ივანიშვილმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა, პრემიერ–მინისტრმა განუცხადა ჟურნალისტებს ოთხშაბათს: „ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო… საგარეო ვიზიტები, რომელიც გვქონდა, ყველგან მაქსიმალურად წარმატებულად განვახორციელეთ, და გამორჩეული ამ მხრივ, მე ვფიქრობ, არ ყოფილა ევროპის საბჭო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)