უსუფაშვილის კომენტარი სააკაშვილის ვეტოზე
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ კანონპროექტზე.
„ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ, ასე რომ, მოსალოდნელია ამ საკითხზე პარლამენტის მიერ კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო და ამაზე ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
"მოგეხსენებათ ერთადერთი არგუმენტი პრეზიდენტის იმის თაობაზე, თუ რატომ დაბლოკა, შეაყოვნა ეს რეფორმა არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნები არ გავიზიარეთ", – განაგრძო მან, "იმედი მაქვს თქვენ ყველამ მოისმინეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება გუშინ და ვენეციის კომისია მიესალმება ამ ცვლილებებს, თვლის, რომ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა და დიდი ხანია ეს გასაკეთებელი იყო. ასე რომ არგუმენტი სააკაშვილს, უმცირესობას არ აქვს არც ერთი, გარდა იმისა, რომ მათ არ სურთ შეიცვალოს მდგომარეობა სასამართლოებში".
"სასამართლოებში მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ, მოსამართლეების მეტი დამოუკიდებლობისკენ, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეების ინტერესებშია“, – დასძინა უსუფაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა 23 აპრილს, რომ სააკაშვილი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს ამ კანონპროექტებს პარლამენტს. მან ვეტოს დადების საფუძვლად დაასახელა ის გარემოება, რომ პარლამენტმა „სრულიად უგულებელყო“ ვენეციის კომისიის „ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული“ რეკომენდაცია საბჭოს წევრობის უწყვეტობის თაობაზე.
23 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დაადო ვეტო მეორე კანონპროექტს, რომელიც ართმევს ბრალდებულს უფლებას თავად აირჩიოს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ თუ მოსამართლემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)