Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილს ვაღიარებინე, რომ „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილს ბოლო შეხვედრის დროს აღიარებინა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის და სააკაშვილს ამ საუბრის საჯარო დადასტურებისკენ მოუწოდა.

„ჩემთან მესამე შეხვედრაზე ვაღიარებინე მე სააკაშვილს, რომ ‘აბა თვალებში შემომხედე მეთქი, ვისია „რუსთავი 2“-თქო, ხომ შენია-თქო?’. ‘კი, ჩემიაო’- მითხრა. ‘აბა, საჯაროდ გამოდი და თქვი მეთქი’. მითხრა, რომ იტყოდა საჯაროდ. შეგიძლიათ შეახსენოთ საჯაროდ. სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ „რუსთავი 2“  მას ეკუთვნის“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა 23 აპრილს სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს.

მისი განცხადება დაუყოვნებლივ უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„მინდა პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ ასეთ საუბარს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ადგილი არ ჰქონია და ის, რაც პრემიერმა განუცხადა დღეს ჟურნალისტებს, ტყუილია, სიცრუეა და მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი/Related

Back to top button