skip to content
ახალი ამბები

შრომის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა 19 აპრილს 75 ხმით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები შრომის კოდექსში, რაც, მთავრობის განცხადებით, მიზნად ისახავს „უსამართლო“ შრომის კანონმდებლობის შეცვლას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელმაც დეპუტატებს კანონპროექტი წარუდგინა, განაცხადა, რომ ცვლილებები ექვსთვიანი განხილვის შედეგია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან  – დაწყებული ადგილობრივი პროფკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით და ბიზნესის ლობისტური ჯგუფებით,  დამთავრებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციით.

„ჩვენი მიზანი, ამოცანა იყო, რჩება და კვალავაც იქნება ერთი რამ, რომ დავიცვათ გონივრული და სამართლიანი ბალანსი დამსაქმებელისა და დასაქმებულის ინტერესებს შორის. მოქმედი კანონი ამ ბალანსს საერთოდ უგულებელყოფს. მოქმედი კოდექსი ეს არის კოდექსი იმის თაობაზე, რომ არ არსებობს შრომის კოდექსი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არსებული კოდექსით, დამსაქმებლებს „აქვთ უფლებები და თითქმის ნული მოვალეობები“, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებაში ამ მხრივ ვითარება პირიქითაა.

მისი თქმით, ამ „ანომალიურ“ კანონში ცვლილებები მის „ცივილიზებულ კონდიციაში“ მოყვანას ემსახურება, რაც ასევე იყო ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება.

დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან ცვლილებების პროექტის განხილვას არ ესწრებოდნენ, რადგანაც 19 აპრილს ისინი თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციას ესწრებოდნენ.

კვირის დასაწყისში ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) ცალ–ცალკე განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, რამდენიმე მათი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნა განახლებულ პროექტში.

ერთ–ერთი ასეთი წინადადება ეხებოდა საკითხს, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი ვალდებულია კონტრაქტი გააფორმოს ნებისმიერ შრომით ურთიერთობაზე, რომელიც სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ბიზნეს გაერთიანებები ერთწლიანი კონტრაქტების გაფორმების უფლებას ითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა პროექტის ავტორებმა არ გაიზიარეს.

კანონპროექტის თანახმად, ვადიანი კონტრაქტების დადება მხოლოდ იმ რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სამსახური დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან, სეზონურ სამუშაოსთან, სამსახურში დროებით არმყოფი თანამშრომლის ჩანაცვლებასთან; ასევე სამუშაო ძალის დროებითი გაზრდის და სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას. ეს უკანასკნელი ფორმულირება –  „სხვა ობიექტური გარემოება“ გადამუშავებულ კანონპროექტში შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სხვა ობიექტური გარემოება, რაც ამართლებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების მიზანს“. 

ბარამიძემ განაცხადა, რომ პროექტი ასევე შეიცვალა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით ბიზნესის ლობისტური ჯგუფების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დრო, რომელიც კვირაში 40 საათს აღემატება, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება, რომელიც ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.

ბიზნეს კომპანიები მოუწოდებდნენ, რომ ეს პუნქტი იმ კომპანიებისთვის მოერგოთ, რომლებიც მოქნილ სამუშაო დროს მოითხოვენ.

„ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით“, – განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ დებულებას დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ კომპანიას ცვლაში მუშაობა ესაჭიროება, დასაქმებულს და დამსაქმებელს აქვთ უფლება, რომ კონტრაქტი გააფორმონ ცვლაში მუშაობაზე იმ პირობით, რომ დასაქმებულს შესაბამისი დასვენების დრო ექნება.

ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ჯეროვნად დააფასებენ მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებს.

ამერიკის სავაჭრო პალატამ ასევე გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებს არ ექნებათ უფლება შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავს დასაქმებულს გამოიყენოს შრომითი ურთიერთობებისას მიღებული კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე მის მიწოდებას  კონკურენტი დამსაქმებლისთვის.

ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პროექტს დაემატა პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაქმებულს არ ექნება უფლება კონკურენტ კომპანიაში ახალ სამუშაოზე გადავიდეს წინა დამსაქმებელთან კონტრაქტის შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი თავის ყოფილ თანამშრომელს ექვსთვიან პერიოდში გადაუხდის ანაზღაურებას იმ ოდენობით, რაც მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტამდე არსებობდა.

პროექტში თორმეტზე მეტი გარემოებაა ჩამოთვლილი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს; თუმცა ეს სია არ შეიცავს პუნქტს, რომელსაც არსებული შრომის კოდექსი ითვალისწინებს და რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლოს.

პროექტში ჩამოთვლილ მიზეზებს შორისაა: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც განაპირობებს წარმოებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს დატოვება საკუთარი ინიციატივით; დასაქმებულის კვალიფიკაციის ანდა პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან; ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას; ვალდებულების სისტემატური დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; ასევე სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ უკანასკნელ პირობას, თავდაპირველი პროექტის თანახმად, შემდეგი ფორმულირება ჰქონდა: „სხვა ობიექტური გარემოება“.

შრომის კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებს შორისაა ასევე ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციის აღკვეთა, იმ მექანიზმის გაძლიერება, რომელიც დაქირავებულებს სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის მოგროვების საშუალებას აძლევს და ასევე არასრულწლოვანთა შრომასთან და დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც 2012 წელს მოიცავს, ნათქვამია, რომ მთავრობის მხრიდან შრომის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც გამოიხატებოდა მშრომელთა თავისუფალი გაერთიანებების უფლებებში ჩარევაში, სამსახურიდან დაუსაბუთებელად გათავისუფლებებში, საწევროების აკრეფაში ჩარევასა და შრომითი კოლექტივების აქტივისტების დაშინებაში და დევნაში, რაც, მოხსენების თანახმად, ძირითადად ოქტომბრის არჩევნებამდე შეიმჩნეოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button