skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი სტრასბურგს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 22-24 აპრილს სტრასბურგს სტუმრობს, სადაც ის ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას სამშაბათს სიტყვით მიმართავს.

მისი პრესსამსახურის ცნობით, მიმართვის შემდეგ ივანიშვილი ასამბლეის წევრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე 21 იანვარს წარსდგა სიტყვით, რის შემდეგაც მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის რუმინელ კოლეგასთან ვიქტორ პონტასთან, რომელიც ასევე გეგმავს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას.

ივანიშვილის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერი ასევე შეხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან-კლოდ მინიონს; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს დინ შპილმანს; ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუჟნიეკს; ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ წარმომადგენელთა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს.

მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის ევროპის ლიბერალ დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანე ბრასორთან. ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი ორი პარტია – რესპუბლიკელები და ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები ამ ჯგუფის პარტნიორები არიან. ივანიშვილი ასევე გეგმავს შეხვედრას საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან სოციალისტების ჯგუფიდან  ნატაშა ვუჩკოვიჩთან. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ისურვებდა ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობას.

დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა, რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ რუსეთის დეპუტაცია ივანიშვილს ასამბლეის სხდომაზე გამოსვლის დროს დაუსვამს შეკითხვებს რუსეთის მიმართ მისი მთავრობის პოლიტიკის შესახებ.

„ჩვენ ვაპირებთ დავსვათ კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებს ის შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა კერძოდ რუსეთთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა ოფიციალური განცხადება იმ საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ექცევა, რომელსაც ატარებდა სააკაშვილი“, – განაცხადა პუშკოვმა „რია ნოვოსტის“ ცნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button