skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ აქციისას „განახლებაზე“ გააკეთა აქცენტი



19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ნატოს, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებიდან დაახლოებით შვიდი თვის თავზე ნაციონალურმა მოძრაობამ 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე ათი ათასზე მეტი მხარდამჭერი შეკრიბა, სადაც ლიდერებმა პარტიის „განახლების“ და „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყების შესახებ განაცხადეს.

აქცია, რომელიც ფორმალურად საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დაცვის ლოზუნგით იმართებოდა, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის თქმით, ამ კურსს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობის პირობებში საფრთხე ემუქრება, დიდწილად განიხილებოდა როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მცდელობა იმის დემონსტრირებისა, რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წაგების მიუხედავად, ის არ გაიზიარებს იმ პარტიების ბედს, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ პოლიტიკური არენიდან ქრებოდნენ, როგორც ეს ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის შემთხვევაში მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ.

აქცია ასევე განიხილებოდა როგორც ნაციონალური მოძრაობის მცდელობა იმის დემონსტრირებისა, რომ იგი კვლავ რჩება ანგარიშგასაწევ ძალად და რომ მას შესწევს უნარი ქუჩაში მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინოს – თემა, რასაც ყოველთვის ენიჭებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის საქართველოში.

აქციაზე გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ათეულობით ათასი“ ადამიანის მისვლა მიტინგზე იმის მაჩვენებელია, რომ „ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია“.

აქციის ბევრი გამომსვლელი ხშირად იმეორებდა თეზას „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყების შესახებ, რომელიც მიმართული იქნება „საქართველოს თავისუფლების და ევროპული არჩევანის“ დაცვისკენ.

ტერმინი „ეროვნული მოძრაობა“ ჩვეულებრივ ასოცირდება მასობრივ მოძრაობასთან დამოუკიდებლობისთვის, რომელიც საქართველოში 80–იანი წლების ბოლოს დაიწყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელსაც აქციის წამყვანი იყო, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურ მოძრაობას დაიწყებს, მათ შორის რეგიონებში, რათა თითოეულ ოჯახს  „განახლებული“ ნაციონალური მოძრაობის გზავნილი გადასცეს ახალი ეროვნული მოძრაობის შესახებ, რაც მისი თქმით, სამ პრინციპს ეფუძნება: ერთიანი ქართული სახელმწიფოს თავისუფლება, პირადი და ეკონომიკური თავისუფლებები და გლობალიზებულ სამყაროში საქართველოს როლის და შესაძლებლობების ახალი ხედვა.

თავიანთ გამოსვლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხშირად იმეორებდნენ გზავნილს „განახლების“ შესახებ და აცხადებდნენ, რომ პარტია ახლა განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო და მან საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი გაკვეთილებით ახალი გამოცდილება მიიღო.

„ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც ამას დღეს სახლში უსმენს და ჯერ–ჯერობით არ მოსულა ჩვენთან და მე მინდა მივმართო ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეწუხებული და იმედგაცრუებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ მეორის მხრივ ყოყმანობს – ‘აბა რა ვქნათ დაბრუნდეს, თუ არ დაბრუნდეს ისევ ნაციონალური მოძრაობა, როგორ მოვიქცეთ? არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ ისევ ძველს დავუჭირო მხარი?“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„მე მინდა ყველა ამ ადამიანს მივმართო და ყველა ამ ადამიანს ვუთხრა: დიახ, მხარი უნდა დაუჭიროთ იმიტომ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პარტია, განახლებული ენერგიით, განახლებული სისხლით, განახლებული ხედვით, განახლებული და შეცდომებზე ნასწავლი და მიღებული გამოცდილებით“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ როგორც იქნა, საქართველოს ჰყავს „ძლიერი, კონსტრუქციული, პასუხისმგებლიანი და პატრიოტული ოპოზიცია“. 

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ასევე ახსენა „შეცდომები“ თავის გამოსვლაში და განაცხადა, რომ პარტია საკუთარ შეცდომებზე ისწავლის. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნაციონალურმა მოძრაობამ „ახალი სახელმწიფო შექმნა“, თუმცა ვერ მოაგვარა უმუშევრობის პრობლემა.

„დღეიდან მე გაძლევთ გარანტიას, რომ ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი პარტია, მისი მთავარი ამოცანა იქნება ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნოს სამსახური და მომავალში გააკეთოს ყველაფერი, რათა აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოში შექმნას სამუშაო ადგილები და თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება საქართველოში არ იყოს არცერთი ადამიანი უმუშევარი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 19 აპრილის აქცია „ახალი ოპოზიციის, ახალი ეროვნული მოძრაობის და ახალი ევროპული საქართველოს“ დაბადების მანიშნებელია.

მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ დაუშვა შეცდომები ბევრ საკითხში, მაგრამ ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებას დადებითი მხარეც ჰქონდა, რადგანაც ის პარტიის შიგნით იმ ხალხის გამოვლენაში დაეხმარა, რომლებიც პირადი სარგებლისთვის იყვნენ პარტიაში და დამარცხების შემდეგ მოწინააღმდეგე ბანაკში გადავიდნენ.

დაგეგმილი აქციის წინ ნაციონალურ მოძრაობაში მთელ რიგ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელიც სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას მიერ მის ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა. ეს უკანასკნელი ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმაა. ორივე მათგანი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დათა ახალაიამ მერაბიშვილს ბრალდებები წაუყენა, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავიანთი განცხადებებით დისტანცირება მოახდინეს ძმები ახალაიებისგან.

აქციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილი მოკავშირეებიც ახსენა და განაცხადა, რომ რამდენიმე დეპუტატი იყიდეს და გადაიბირეს, მაგრამ ხალხი არ იყიდება. „საქართველოში ეს საზოგადოებაა მთავარი და არა ცალკეული მოღალატეები და ვირთხები, ვინც გაიქცა“, – განაცხადა მან. 

19 აპრილს „რუსთავი 2“–ის პოლიტიკურ თოქშოუში „პოზიცია“ საუბრისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დათა ახალაია სერიოზული პოლიტიკური პრობლემა არ ყოფილა.  მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ძირითად ბირთვში ერთიანობაა.

აქციის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი აქციაზე დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებდა. თუმცა, ეს გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მივიდა. შეკრების დასაწყისში უცნობი იყო, მივიდოდა თუ არა აქციაზე სააკაშვილი. სააკაშვილი აქციის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ საათში გამოჩნდა რუსთაველზე. იგი აქციაზე სიტყვით მერაბიშვილის მიმართვის შემდეგ გამოვიდა.

„რუსთავი 2“–თან ინტერვიუში მერაბიშვილმა უარყო სპეკულაციები, რომ სააკაშვილის გამოჩენამ აქციაზე იგი გააღიზიანა, რის გამოც თავყრილობა სააკაშვილის სიტყვის დასრულებამდე დატოვა.

მისი თქმით, სააკაშვილი მისი მეგობარია და იგი გარანტიას იძლევა, რომ ისინი მეგობრებად დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან.

აქცია საღამოს 6 საათზე მშვიდობიანად დაიშალა; რაიმე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა რადიო „თავისუფლების“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში 19 აპრილის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ „ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის ცალკეულმა წევრებმა პასუხი უნდა აგონ  შესაძლო ჩადენილ დანაშაულებზე და თუ როგორ გაუმკლავდება ნაციონალური მოძრაობა ამ გამოწვევას, ასევე შიდა დაპირისპირებას, რომელიც, მისი თქმით, ამჟამად ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს, ეს ის საკითხია, რომელიც თავად პარტიამ უნდა მოაგვაროს.

„მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი, ასე ვთქვათ უვნებელი გამოვიდეს ამ პროცესიდან და ჩვენ მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როდესაც 19 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში ნაციონალური მოძრაობის „რებრენდინგის“ და საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაბრუნებისკენ მიმართული მცდელობების შესახებ კითხეს, მან უპასუხა, რომ ამის არანაირი შანსი არ არსებობს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დისკრედიტებული პარტიაა, რომელიც ამაოდ ცდილობს საკუთარი იმიჯის აღდგენას, რადგანაც ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც ლენინის გაცოცხლება.

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის აქციის კომენტირებისას, რომ კომიკურია, როდესაც ვანო მერაბიშვილი ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს იმ ადგილიდან, სადაც მისი ხელისუფლება სასტიკად არბევდა საპროტესტო აქციებს.

აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი 22 აპრილს მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელიც მარტის მეორე მახევარში ჩატარდა და სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ საერთოდ შეიცვალა, ნოემბერში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შემდეგ.         

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button