skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა აქციისთვის ემზადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები ნაციონალური მოძრაობის აქციასთან დაკავშირებით დღის 12 საათიდან აღარ გადაიკეტება.

თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე და ვარდების მოედანზე მოძრაობის დღის 12 საათიდან გადაკეტვას აქციის დასრულებამდე, რომელიც 16:00 საათზე იწყება. 

თუმცა, თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ მოძრაობის გადაკეტვა ამხელა ტერიტორიაზე და ამის აქციის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე გაკეთება საჭირო არ იყო. 

დღეს შსს–მ განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება, რომ 12 საათიდან აღარ გადაკეტოს გზები თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ არ შეექმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.

„ამავდროულად, შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს“, – განაცხადა სამინისტრომ.

სცენა, საიდანაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და რომელიც საქართველოს და ევროკავშირის დროშებითაა გაფორმებული, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ პარასკევის აქცია აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ეფექტური პოლიტიკური ჯგუფი იყო ქვეყანაში და პოლიტიკურ ცხოვრებას „ახალ იმპულსს“ შესძენს.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა აქცია 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე თებერვლის ბოლოს დაანონსა და განაცხადა, რომ აქცია მიმართული იქნება ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის დასაფიქსირებლად. მას შემდეგ პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ რეალურად, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა დასავლურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და ბოლო დღეებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამის დასტურად ხშირად აგვისტოს ომზე პრემიერ–მინისტრის განცხადება მოყავთ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა გუშინ, რომ 19 აპრილის აქცია არის ახალი ენერგიით ბრძოლის დაწყება იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც საქართველოს ბევრ მოქალაქეს აერთიანებს.   

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „არალოგიკურად შეშინებულია“ აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი შეკრება, რომელიც იმავე დღეს რამდენიმე საათში დაიშლება. მან პოლიცია რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და მხარდამჭერების დაშინებასა და მუქარაში დაადანაშაულა, რათა ისინი თბილისის აქციას არ შეუერთდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ „ეს არის სიცრუე და აბსურდული ბრალდებები, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და აქციის ორგანიზატორებთან 17 აპრილს შეხვედრა გამართეს აქციის დროს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომების კოორდინაციის მიზნით.

შსს–მ ასევე განაცხადა, რომ გამოიყოფა პარკინგის ადგილები სპეციალურად აქციის მონაწილეთა მანქანებისთვის აქციის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე ადგილას.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია – უზრუნველყოს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, – ნათქვამია შსს–ს 18 აპრილის განცხადებაში.

დაგეგმილი აქციის წინ ნაციონალურ მოძრაობაში მთელ რიგ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელიც სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას მიერ მის ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტთან დაკავშირებული ფარული ხარჯების შესახებ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა უპასუხეს, რომ ეს მთავრობის მიერ ორკესტრირებული ძალსიხმევაა, რაც ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და რამაც ხელისუფლების „ისტერიის და პანიკის“ დემონსტრირება მოახდინა დაგეგმილი აქციის წინ.

ქართული ოცნების დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა 18 აპრილს, რომ აქციის ჩატარება პროდასავლური პოლიტიკური კურსის ლოზუნგით ღია კარზე კაკუნის ტოლფასია.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button