ახალი ამბები

პრეზიდენტთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები საჯარო გახდა

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან 17 აპრილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ქართული ოცნების განცხადებით, ჩანს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების უკანონო ხარჯვას ჰქონდა ადგილი.

დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა მათ გრიფი "საიდუმლო" მოხსნეს, ვინაიდან ისინი ფაქტიურად არ შეიცავენ რაიმე საიდუმლო ინფორმაციას.

მისი თქმით, ამ დოკუმენტებს წინა ხელისუფლებამ დაადო გრიფი საიდუმლო, რათა დაემალა ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ საკუთარი და მისი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების პირადი მიზნებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ.

ათობით დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ხელნაწერ ჩანაწერებს ხარჯების შესახებ, რასაც ასევე ახლავს ქვითრები, ანგარიშფაქტურები სასტუმროებიდან და მომსახურების სხვა მომწოდებლებისგან.

ერთ–ერთი დოკუმენტის თანახმად, 37 500 ევრომდე დაიხარჯა პრეზიდენტის ხუთდღიანი მოგზაურობისთვის სამხრეთ ტიროლის კურორტზე 2011 წლის თებერვალში, სადაც მას ასევე ახლდა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და ამჟამინდელი დეპუტატი გიორგი ბარამიძე და ტელეკომპანია „იმედის“ მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ხარჯები მოიცავდა პრეზიდენტის და მისი ორი თანხმლები პირის ცხოვრებას ფეშენებელურ სასტუმროში Palace Merano Hotel, ასევე 3 000 ევროს, რომელიც პრეზიდენტის მიერ ესთეტიკურ კლინიკაში ვიზიტის შემდეგ იქნა გადახდილი; სხვა შედარებით მცირე ხარჯებში შედიოდა პრეზიდენტისთვის სათხილამურო აღჭურვილობის და ველოსიპედის ჩაფხუტის შეძენა.         

სხვა დოკუმენტებში ჩანს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 2011 წელს გამოიყო სახსრები ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში პრეზიდენტის უმცროსი შვილისთვის, ნიკოლოზისთვის 5 900 ლარის ოდენობის სასკოლო საფასურის დასაფარად; ასევე 24 000 ლარი პრეზიდენტის უფროსი ვაჟის ედუარდის სწავლის გადასახადის დასაფარად გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში; თანხა ორ ნაწილად იქნა გადახდილი 2010 წელს და 2011 წელს.     

კიდევ ერთ დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ დაახლოებით 114 900 ლარი დაიხარჯა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ 2010 წლის ოქტომბერში ერთი კვირა გაატარეს ავსტრიის გამაჯანსაღებელ ცენტრში Parkhotel Igls-ში.   

2012 მარტში გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, 89 000 ლარზე მეტი მოხმარდა პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი მრჩევლის რაფაელ გლუქსმანის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის დასვენებას 22–24 მარტს ტაილანდის კურორტ ამანპურიში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 236 000 ლარი მოხმარდა სასტუმროს ხარჯებს, როდესაც პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის 11 დეპუტატი და სხვა ოფიციალური პირები, 2013 წლის იანვრის დასაწყისში რამდენიმე დღით დუბაის სტუმრობდნენ.

2011 წლის დეკემბრის დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 3 500 ლარის ღირებულების ტიხრული მინანქრის ოქროს ბრასლეტი იქნა შეძენილი, რომელიც პრეზიდენტისგან საჩუქრად გადაეცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს მარიამ საჯაიას. 22 წლის საჯაიამ, რომელიც პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, უარყო პრეზიდენტისგან საჩუქრის მიღება; ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატების მსგავსად, მანაც განაცხადა, რომ ამ ბრალდებების წამოყენება არის მთავრობის „პანიკური“ რეაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა მთავრობას, რომ „თავის თავს ნუ ჩაიგდებს სასაცილო მდგომარეობაში“.

„მითხრან ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებზე, ან არ დაყავს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ოჯახის წევრებიც მათ შორის, ან არ იწვევს სტუმრებს აქ… თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ძალისხმევა დაეხმარა მას ინვესტიციების მოზიდვაში. „ასობით მილიონობით და მილიარდობით დოლარი ჩაიდო ჩვენი ვიზიტების შედეგად… აბა, საქართველოში რომ სტუმარი ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღო? ყველა ქვეყანაში ასეა, მარტო საქართველოში არა“.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „ზედმეტად ნერვიულობს“ ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

„მინდა ვუთხრა პრემიერ–მინისტრს და მთავრობას, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ 19 აპრილს არ ხდება. ნუ ეშინიათ, ზოგიერთს თუ ეშინიათ, არაფერი ისეთი არ მოხდება. არ არის საჭირო ყოველდღე რაღაცის გამოქვეყნება, რაღაცის მოგონება. მოდით მივხედოთ ხალხს, და კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button