skip to content
ახალი ამბები

აკაკი ბობოხიძე სააკაშვილის და ივანიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ 21 მარტს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთხმად მიღების საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. 

„გუშინ გამოვიდა და შეფასებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მე მინდა ვთქვა, რომ არ იყო სწორად აქცენტები დასმული. გუშინ არ გაუმარჯვია ნაციონალურ მოძრაობას, გუშინ გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც პარლამენტი 22 მარტს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავდა.

„სამწუხაროდ, დღეს იგივე გააგრძელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ეს 100 ხმა მაინც გვქონდა, სულ არ გვჭირდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაო“, – განაცხადა ბობოხიძემ და დასძინა, რომ ცვილელებებს 135–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი არა იმიტომ, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ამ დეპუტატებს ქვეყნის ბედი ადარდებთ. 

„მე ვთხოვ ჩემს უმცირესობას, ჩემს მეგობრებს, ჩვენ დავილაპარაკებთ ასევე ჩვენ ლიდერთან, მე გთხოვთ თქვენ [უმრავლესობას]. ჯერ საკითხი არ გასულა. საკითხის გასვლას სჭირდება მესამეჯერ კენჭისყრა… აღარ მაინტერესებს რაც ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ რადგან ვთვლით, რომ საქართველოს ეს სჭირდება, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი ალბათ მიიღებს. მე ყველას მოვუწოდებ, ბატონებო გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სჭირდება საქართველოს და რომელ გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი, დაანებეთ ჭკუის დარიგებას და დაანებეთ იმის მცდელობას, თუ ვის მკლავმა გადაწია ერთი თუ მეორე ხელი“, – განაცხადა ბობოხიძემ, რომელიც უმცირესობაში შემავალ მაჟორიტარების ფრაქციას ხელმძღვანელობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button