skip to content
ახალი ამბები

წულუკიანმა მოსამართლეებთან მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივა განიხილა

მართლმსაჯულებაში წარსულში არსებული შეცდომები და ხარვეზები უფრო პროკურატურის ბრალი იყო, ვიდრე სასამართლო სისტემის, რადგანაც პროკურატურა გავლენას ახდენდა სასამართლოზე, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 მარტს მოსამართლეებთან შეხვედრაზე.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გამართული შეხვედრის მიზანი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული იმ კანონპროექტის განხილვა იყო, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.    

კანონპროექტი 15–წევრიანი სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს სამწლიანი ვადით, რომლის უფლებამოსილებაც მაქსიმუმ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.

კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენა საპარლამენტო ფრაქციებს შეეძლებათ, რომლებიც  პარლამენტმა სულ ცოტა 76 ხმით უნდა დაამტკიცოს, კანონპროექტის მიხედვით.

კომისიის წევრები დეპუტატების მსგავსი იმუნიტეტით ისარგებლებენ; მოსამართლეების მსგავსად, მათზეც გავრცელდება ის წესი, რომელიც დაინტერესებულ მხარესთან განსახილველ საქმეზე ცალმხრივ კომუნიკაციას კრძალავს, რათა არ დაირღვეს კომისიის წევრის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

კომისია უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაასამართლეს „მძიმე“ და „განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულებისთვის; „ნაკლებად მძიმე" დანაშაულებისთვის გასამართლებულებს ასევე ექნებათ უფლება, რომ თავიანთი საქმეების გადახედვა მოითხოვონ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კანონპროექტის თანახმად, კომისია ასევე იქნება უფლებამოსილი 100 000 ლარზე მეტი ღირებულების დავებიდან წარმოშობილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებიც შეისწავლოს.

კომისიას ასევე ექნება უფლება ის საქმეები განიხილოს, რომლებიც საპროცესო გარიგების შედეგად მოგვარდა, კერძოდ, შეაფასოს შედგა თუ არა ეს საპროცესო გარიგება კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისია დაასკვნის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზს ჰქონდა ადგილი, საქმე სასამართლოს გადაეცემა, რათა მან საქმე ახალი გარემოებების საფუძველზე განიხილოს.

"მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის თაობაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე, სასამართლო, საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილავს საკითხს ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ", – ნათქვამია კანონპროექტში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა 16 მარტის შეხვედრაში, თავის შესავალ სიტყვაში მიესალმა იმ ფაქტს, რომ ამგვარი ინიციატივა სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით განიხილება.

მისი თქმით, წარსულის შეცდომები სამართლებრივი გზით უნდა მოგვარდეს, რამაც არ უნდა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი შეცდომები მომავალში.

„მე არ მინდა დავუშვა, რომ ის შეცდომები, რომელიც იყო და რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ხდება, გამოვასწოროთ ისეთი გზით, რომელიც კიდევ ერთი შეცდომა იქნება. ამიტომაც არის, რომ ჩვენი შენიშვნები მიმართულია სწორედ იმ ძირითად პუნქტებზე, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი შეხედულებით სწორედ ასეთ ნაკლოვანებებს შეიცავს“, – განაცხადა კუბლაშვილმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ დაგეგმილი კომისია გადაწყვეტს, რომ საქმეში მართლმსაჯულების გადაცდომას   ჰქონდა ადგილი, ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ამ საქმეზე განაჩენის გამომტანი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების განხორციელება დაიწყოს. 

თავის შესავალ სიტყვაში, რომლის შემდეგაც შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ ახალ მთავრობას აქვს ამბიცია, რომ „საქართველოში შეიძლება თქვენი სახით ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“. 

„ეს შეხვედრა მე მჭირდება იმისთვის, რომ გითხრათ ეს არა ეკრანიდან, არამედ პირისპირ და დავრწმუნდე იმაში, რომ თქვენც იგივე ამბიცია გაქვთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქართველოს და შესაბამისად, ხალხის სახელით გამოგაქვთ გადაწყვეტილებები და გავატარე რა ის დრო, რაც გავატარე სტრასბურგის სასამართლოში, თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე ათი წელი. მგონია, რომ წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი არ ყოფილა და არც რომელიმე მინისტრი. წინა ხელისუფლების პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო, რომელიც იყო რეალურად არასამართლიან კავშირში ერთმანეთთან და ის უკანონო, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება ყოფილიყო გამოსული, ყველგან მე ამას ვამბობ და თქვენც გეტყვით, ეს ალბათ სასამართლოს ბრალი იყო არა იმ  ხარისხით, რა ხარისხითაც პროკურატურის, მაგრამ სასამართლო თავის წილ  პასუხისმგებლობას მაინც აქ ვერ აიცილებს. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, პირობითს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

„შეცდომები იყო, ეს შეცდომები თქვენი შეცდომები არ არის მხოლოდ, ეს ყველას ჩვენი პრობლემაა და ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ ამ შეცდომების გამოსასწორებლად ისე, რომ არ შექმნას ქვეყანაში პარალელური მართლმსაჯულების სტრუქტურა და ისევ მოსამართლეს მიეცეს საშუალება წარსულში მომხდარი სასამართლოს შეცდომა გამოასწოროს“, – მიმართა წულუკიანმა მოსამართლეებს.
 
„ეს კომისია სასამართლოსთან ერთად შექმნის იმ დიდ სამართლებრივ პრაქტიკას და კულტურას, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მომავალში მომხდარი სასამართლო შეცდომის გამოსწორების სამართლებრივი სრულყოფილი მექანიზმი არსებობდეს. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სასამართლო შეცდომა, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი“, – განაცხადა მან.

„დღეს ჩვენ გვაქვს ათეულ ათასობით საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა. ამას სჭირდება შესწავლა“, – განაგრძო იუსტიციის მინისტრმა, „ათეულ ათასობით საჩივრიდან თუ თუნდაც ოცი და ოცდაათი  შემთხვევა მოიტანს შედეგს ამ კომისიის წინაშე და საქმე თავიდან გაიხსნება, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის პრეტენზია, რაც დღეს ჩვენს ამომრჩეველს  ქონდა, რასაც ჩემი თვალით ვუყურე და ვუსმინე, რეალობა ყოფილა და ეს პრეტენზია იყო ის, რომ მოსამართლე არ იყო თავისუფალი“.

მინისტრმა ასევე განუცხადა მოსამართლეთა კურპუსის წარმომადგნელებს, რომ დღეს ისინი პროკურატურისაგან თავისუფლები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button