ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილს პირად საკითხებზე ‘ჭორაობის’ გამო აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 მარტს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი გააკრიტიკა პირადულ საკითხებზე „ჭორაობის“ გამო და განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით 14 მარტს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მას ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რატომ მოიხსენია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბიოგრაფია დადებით კონტექსტში, როცა მასთან 6 მარტს პირველი შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მან ბოლომდე უნდა ამოწუროს უფლებამოსილების ვადა ამ პოსტზე. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოზიტიური განცხადება კუბლაშვილის შესახებ შესაძლოა „გადაჭარბებული“ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კუბლაშვილი პროფესიონალია და მისი შეფასებით, იგი „მსხვერპლია სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი სისტემის“. ივანიშვილის თქმით, კუბლაშვილს მოუწია, რომ პრეზიდენტის ზეწოლას დამორჩილებოდა, რადგანაც იგი ვალდებულად თვლიდა თავს პრეზიდენტის წინაშე, რომელმაც კუბლაშვილს დახმარება აღმოუჩინა, რომ  ჯანმრთელობის „სეროზულ“ პრობლემას გამკლავებოდა.

„კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება – ძალიან მერიდება, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი – მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის [კუბლაშვილი] ვალდებულების გრძნობით იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ბატონი კუბლაშვილიც და სხვა დანარჩენი ჩინოვნიკებიც, ვინც სააკაშვილის გუნდის წევრებად მოიხსენიებოდნენ, არიან მსხვერპლნი სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი სისტემის“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე, ის არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალიბდა საქართველოში“.

მან ასევე დასძინა, რომ სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, „მართლაც ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა“.

„ჩემი დიდი სურვილია, რომ კოტე კუბლაშვილმა მოითავოს თავისი დრო“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა ივანიშვილმა.

კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ათწლიანი ვადით 2005 წლის თებერვალში გახდა.

ხუთშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება, განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადება კუბლაშვილის ჯანმრთელობის შესახებ „გაუმართლებელია“.

 „პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

14 მარტის პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ საუბრისას პრემიერ–მინისტრმა კოტე კუბლაშვილის ძმა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პავლე კუბლაშვილიც ახსენა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართალია პავლე კუბლაშვილის ზოგიერთი წარსული პოლიტიკური საქმიანობა კითხვის ნიშნებს აღძრავს, „ისიც, მისი ძმაც ინტელექტუალები არიან“. 

„გასაგებია პავლესთანაც კუბლაშვილთან ბევრი შეკითხვებია საპარლამენტო მოღვაწეობაში, მაგრამ რომ იცოდეთ უსუფაშვილის აზრი, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში, გამოცდილება არ აქვთ საპარლამენტო მუშაობის“, – განაცხადა მან.

შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაგრძო, რომ  27 აპრილს სამ ერთმანდატიან ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე კოალიცია კანდიდატების იმ კრიტერიუმის მიხედვით შერჩევას ცდილობს, რომ მათ ჰქონდეთ კანონშემოქმედების გამოცდილება.

„უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს არ გავბედოთ და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო კიდევ [პარლამენტში], რომ აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, მას უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება აუცილებლად და ასეთ ადამიანებს ვეძებთ და პირდაპირ მახსენებს: ვისი გუნდის წევრიც გინდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს პარლამენტში. ‘ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება’ – აი ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს“, – განაცხადა მან.

შუალედური არჩევნები პარლამენტში სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად 27 აპრილს გაიმართება.

„არიან ინტელექტუალები, არიან გამოცდილები ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ძალიან ბევრს აქვს გამოცდილება მეტი, ვიდრე აქვს ჩვენი გუნდის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. ჩემი დიდი სურვილია, ადამიანური, რომ შევინარჩუნოთ, რომ მათ გააგრძელონ საკუთარი გამოცდილების რეალიზება და დაეხმარონ ჩვენ საზოგადოებას განვითარებაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button