ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემი სურვილია ნაციონალური მოძრაობის ნიჭიერი და გამოცდილი კადრების შენარჩუნება

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი კოალიცია პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობის ბევრ წევრს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე „ჩვენი გუნდის წევრებს“ და მისი „დიდი სურვილია“, რომ ასეთმა კადრებმა „გააგრძელონ საკუთარი გამოცდილების რეალიზება“.

პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე 14 მარტს რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჰკითხეს თუ რატომ მოიხსენია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბიოგრაფია დადებით კონტექსტში, როცა მასთან 6 მარტს პირველი შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მან ბოლომდე უნდა ამოწუროს უფლებამოსილების ვადა ამ პოსტზე.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მცდელობაა, რომ „შევინარჩუნოთ ჩვენი ნიჭიერი კადრი“ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვები არსებობს კოტე კუბლაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი შეფასებით, „მსხვერპლია სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი სისტემის“. 
   
 „მე არ გამიგია კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე, ის არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალიბდა საქართველოში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, „მართლაც ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა“.

„მას [კოტე კუბლაშვილს] დიდი გამოცდილება აქვს. ისიც, მისი ძმაც ინტელექტუალები არიან. გასაგებია პავლესთანაც კუბლაშვილთან ბევრი შეკითხვებია საპარლამენტო მოღვაწეობაში, მაგრამ რომ იცოდეთ უსუფაშვილის აზრი, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში, გამოცდილება არ აქვთ საპარლამენტო მუშაობის“, – განაცხადა მან.

შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაგრძო, რომ  27 აპრილს სამ ერთმანდატიან ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე კოალიცია კანდიდატების იმ კრიტერიუმის მიხედვით შერჩევას ცდილობს, რომ მათ ჰქონდეთ კანონშემოქმედების გამოცდილება.

„უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს არ გავბედოთ და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო კიდევ [პარლამენტში], რომ აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, მას უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება აუცილებლად და ასეთ ადამიანებს ვეძებთ და პირდაპირ მახსენებს: ვისი გუნდის წევრიც გინდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს პარლამენტში. ‘ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება’ – აი ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს“, – განაცხადა მან.

„არიან ინტელექტუალები, არიან გამოცდილები ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ძალიან ბევრს აქვს გამოცდილება მეტი, ვიდრე აქვს ჩვენი გუნდის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. ჩემი დიდი სურვილია, ადამიანური, რომ შევინარჩუნოთ, რომ მათ გააგრძელონ საკუთარი გამოცდილების რეალიზება და დაეხმარონ ჩვენ საზოგადოებას განვითარებაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამ კონტექსტში მან ასევე აღნიშნა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარტის ბოლომდე დაგეგმილი კენჭისყრა, რომელიც ეხება პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომ მან პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ შეძლოს ახალი მთავრობის დანიშვნა.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს კენჭისყრა „წყალგამყოფი“ იქნება.

„ვინც საკონსტიტუციო ცვილილებას ან მხარს არ დაუჭერს, ან არ მოვა და იგივე ფასი აქვს ამას – არ მოსვლას  ან თავს შეიკავებს [ხმის მიცემისგან], ჩემი აზრით, ძალიან მძიმე როლს იღებენ თავის თავზე, ძალიან გაუჭირდებათ მათ საზოგადოებაში ღირსეულად  მოღვაწეობის გაგრძელება პოლიტიკურად თუ პროფესიონალურად“, – განაცხადა მან, „ამიტომაც მოვუწოდებ მე ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მე არაფერში არ მჭირდება მათი ხმები. ეს ჭირდებათ მათ. მე მჭირდება მხოლოდ იმ გადმოსახედიდან, რომ ისინი ჩემი ქვეყნის შვილები არიან და მე სურვილი მაქვს, რომ მე მათთან ერთად შემეძლოს მუშაობა“. 

მსგავსი/Related

Back to top button