ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჯარის რესურსები ნაციონალური მოძრაობის კამპანიისთვის გამოიყენებოდა

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 8 მარტს, რომ სამხედრო პოლიცია 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის კამპანიის მიზნებისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსების გამოყენების საქმეს იძიებს.

სამხედრო პოლიციამ განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ 23 600 ლიტრ საწვავზე მეტი მისცა ნაციონალურ მოძრაობას იმისათვის, რომ მას სამეგრელოს რეგიონში დაგეგმილ კამპანიის აქციებზე მხარდამჭერების ტრანსპორტირება მოეხდინა, რითაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა  58 536 ლარის ზარალი განიცადა.

ამ ბრალდებების გახმოვანებისას, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა აღნიშნა, რომ ეს სავარაუდო დანაშაული მაშინ იქნა ჩადენილი, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტი დიმიტრი შაშკინს ეკავა. ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

შაშკინი, რომელმაც ქვეყანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, საქართველოში 6 მარტს დაბრუნდა. მან განაცხადა 8 მარტს, რომ ბრალდებები საწვავის ქურდობასთან დაკავშირებით „სასაცილოა“. შაშკინმა, რომელიც 2009 წლის თებერვალ–დეკემბერში სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2009 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო შემდეგ 2012 წლის ივლისში რამდენიმე თვით თავდაცვის მინისტრი გახდა, ასევე განაცხადა, რომ იგი მზად არის გამოძიების ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button