სააკაშვილი საბერძნეთში ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრას დაესწრო
პრეზიდენტი სააკაშვილი ათენში იმყოფება, სადაც იგი ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრო.
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
შეხვედრაზე გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოლდოვას პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირას მიღებული გადაწყვეტილება „პრემიერ–მინისტრ ვლად ფილატის პრო–დასავლური მთავრობის დათხოვნის“ თაობაზე, „აშკარა უკანდახევაა“ ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციისთვის.
იმავდროულად, ევროპარლამენტის 23 წევრმა, რომელთა უმრავლესობა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდან არიან, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 6 მარტს წერილი გაუგზავნა. გაახმოვანა რა ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ, ევროპარლამენტარების ამ ჯგუფმა განაცხადა, რომ „აგრესიული კამპანია, რომ შანტაჟის ან მათი ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მუქარის გზით გადაიბირონ ოპოზიციის წევრები, სრულიად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“; წერილი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ–მინისტრს „არ წავიდეს ამ გზით და არ დაასამაროს საქართველოს ევროპული მომავალი“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ათენიდან მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეგზავრება, სადაც AEI მსოფლიო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)