ახალი ამბები

კანონპროექტი დაზვერვის სამსახურის პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, დაზვერვის სამსახური პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ასევე  პრემიერ–მინისტრს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭება.

დაზვერვის სამსახური, რომელსაც 160 თანამშრომელი ყავს და 5 მილინი ლარით ფინანსდება წელს, საგარეო საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას ახდენს და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაზვერვის კუთხით არსებულ შეფასებებს და ინფორმაციას აწვდის.

არსებული კანონით, დაზვერვის სამსახური პირდაპირ ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა.  შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ეს სამსახური პრემიერ–მინისტრის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ინიციატივის თანახმად, დაზვერვის სამსახურის უფროსს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრი დანიშნავს. ამავე ინიციატივის თანახმად, სამსახურის უფროსი პრემიერ–მინისტრის უფროსი მრჩეველი იქნება დაზვერვის საკითხებში, და არა პრეზიდენტის, როგორც ეს ახლაა. შემოთავაზების თანახმად, სამსახურმა დაზვერვის კუთხით არსებული ინფორმაცია უნდა შეაგროვოს და მიაწოდოს პრემიერ–მინისტრს და არა პრეზიდენტს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცალკე საკანონმდებლო ცვლილებაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პრემიერ–მინისტრმა უნდა დანიშნოს და არა პრეზიდენტმა, როგორც ეს არსებული კანონით ხდება. წესდების თანახმად, ბიურო, რომელიც ექსპერტიზის მომსახურებას უწევს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებს, ყოველწლიურ ანგარიშებს აწვდის პრეზიდენტს და მთავრობას.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button