ახალი ამბები

სააკაშვილი წუხს ბანკების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო

მას შემდეგ, რაც „ლიბერთი ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ უარყვეს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ რუსული ბანკებისთვის მათი აქტივების მიყიდვა იგეგმება, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი წუხს, თუ „რამე არასწორი“ თქვა.

თუმცა, მან დაჟინებით განაცხადა, რომ ერთ–ერთი ქართული ბანკი შერწყმის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ–ერთ რუსულ ბანკთან.
 
„რაღაც ინფორმაციები, რაც  მე მქონდა წინასწარ, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. ძალიან ვწუხვარ, თუ რამე არასწორი ვთქვი“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში 27 თებერვალს ბაქოში გამგზავრებამდე. 

„მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსულ ბანკებს აქვთ ინტერესი ქართული ბანკების შეძენის. ნამდვილად ვიცი, რომ ერთ–ერთი ბანკი, რომელიც დავასახელე, აწარმოებდა შერწყმის მოლაპარაკებას ერთ–ერთი მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ალბათ ისინი ამას არ უარყოფენ. და თუ არასწორი ბანკები დავასახელე, ეს ნამდვილად ჩემდა უნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის რაიმე პრობლემა შემექმნა. მე მინდა, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი და ძალიან ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის მართლა არ ჩავარდეს ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკების ხელში, იმ ქვეყნის, რომელსაც საქართველოს მიმართ სრულიად არაჯანსაღი ინტერესი აქვს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 თებერვალს, რომ მას ეროვნული ბანკისგან აქვს ინფორმაცია, რომ „ლიბერთი ბანკის“ შეძენას რუსული „სბერბანკი“ აპირებს.

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 26 თებერვალს, რომ ის „არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით“.  

რუსეთის სახელმწიფო ბანკმა „სბერბანკმა“ ასევე უარყო საქართველოში ბანკის აქციების შეძენის ფაქტი.

„სბერბანკმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მისი განვითარების პრიორიტეტულ ადგილებად უკრაინა, ბელარუსი და ყაზახეთი დაასახელა. ამიტომ, „სბერბანკს“ საქართველოში აქტივების შეძენის არანაირი გეგმები არ გააჩნია“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ 27 თებერვალს „სბერბანკის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button