ახალი ამბები

სააკაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები ‘ნამდვილად არ არის მთავარი საკითხი’

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს იმ ნაწილში, რომ მან მთავრობის გამოცვლა ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლოს, „ნამდვილად არ არის მთავარი საკითხი“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს ქართული ოცნების მიერ ხელოვნურად წამოწეული საკითხია იმისათვის, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანოს მის მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობიდან.

თავის წერილობით მიმართვაში 26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს 2-3 დღეში „მკაფიო და ცალსახა“ პასუხი გასცეს „უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას“.

ამ საკონსტიტუციო უფლებამოსილების დახასიათება, როგორც „კონსტიტუციური დიქტატურის“, სააკაშვილის თქმით, „სისულელეა“.

შემდეგ სააკაშვილმა გაიხსენა 2007 წლის ნოემბრის მოვლენები და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლებამ დაშალა ოპოზიციის საპროტესტო აქცია და დახურა ტელევიზია, ის გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

„ეს ფაქტი რას ადასტურებს?  ვარ მე დიქტატორი თუ არა?“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ მან ასევე აღიარა დამარცხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მთავრობაში ძალაუფლება გადასცა კოალიცია ქართულ ოცნებას.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს იმ საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი შემადგენლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ კაბინეტს.

„არაფერს არ ვაპირებ. ეს საერთოდ თემა არ არის“, – აღნიშნა მან. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა გააგრძელოს დიალოგი ქართულ ოცნებასთან და პირადად ბიძინა ივანიშვილთან და აღნიშნა, რომ მთელი რიგი თემები საჭიროებს განხილვას, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენ მზად ვართ, რომ  გავაგრძელოთ საუბარი, ჩვენ გვინდა, რომ კლიმატი იყოს ზომიერი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პოლიტიკური „კლიმატი“ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ის, თუ  „კონსტიტუციაში ზუსტად რა წერია“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას იმ უფლებების მეოთხედიც კი არ გამოუყენებია, რასაც მას კონსტიტუცია აძლევს, რადგან „არის სხვა ჩარჩოები, რომელსაც ასევე ცხოვრება აწესებს“.

„მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაზეც შესაძლებელია შეთანხმება, ეს ნამდვილად არ არის მთავარი საკითხი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაზეც რომ შევთანხმდებით, უნდა  გავიტანოთ 150 ხმით, და არა მაინდამაინც დეპუტატების გადაბირებით, ხელ–ფეხის ამოგრეხით და დამტვრევით“.

Back to top button