
გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურში მივიდა
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა, სადაც მას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს სახელმწიფო სახსრების სავაურაუდო გაფლანგვასა და ფულის გათეთრების საქმეებზე.
უგულავა ბრალდებებს „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის „რეალური განზრახვაა“ ქართული ოცნების ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს „საკუთარი ძალაუფლების გავრცელებას თბილისის მერიაში“.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ უგულავას ბრალს მისი დაკავების გარეშე წაუყენებენ.
იმავდროულად, უგულავას მხარდამჭერები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საგამოძიებო სამსახურის წინ არიან შეკრებილი და თბილისის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.
"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ მხნედ, ვხედავ თქვენს იმედიან თვალებს“, – მიმართა უგულავამ მხარდამჭერებს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე. მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე „ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რაც დღეს ხდება“. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა განსაცდელშია, რადგანაც განსახვავებული აზრის გამოთქმის უფლება საფრთხეშია.
უგულავას შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველ არხზე გადაცემა „აქცენტებში“ 22 თებერვალს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ „საქართველოში კიდევ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“.
„აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ – ნუ გიგი პიროვნულად, რა თქმა უნდა, თავის თავს დაიცავს და ძლიერი პიროვნებაა – მაგრამ მთავარია, რომ ასევე საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფალი თვითმმართველობა, თბილისის თვითმმართველობა. ეს, ახლა არ ეწყინოს გიგის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაჭერა ან არ დაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.