skip to content
ახალი ამბები

თბილისის მერი უარყოფს ბრალდებებს

თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ბრალდებები, რომლის წაყენებასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აპირებს მის წინააღმდეგ, „აბსურდულია“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა გუშინ, რომ უგულავას ბრალი წაეყენება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდზე – ერთი ეხება ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას“, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების სქემას, ხოლო მეორე ეპიზოდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდება.

„გამოძიება გვედავება ადამიანების დასაქმებას. დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ, ვთვლი, რომ გავაკეთეთ სწორი; ამაში არანაირი დანაშაული არ არის“, – განაცხადა უგულავამ პარასკევს საღამოს და დასძინა, რომ სიმართლე სასამართლოზე დადგინდება, სადაც ასობით მოწმეს, რომლებმაც გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, ჩვენებების „თავისუფლად მიცემის“ შესაძლებლობა ექნებათ. 

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 22 თებერვალს თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, რომ უგულავამ საბიუჯეტო თანხები „თვითნებურად“ დახარჯა და რომ მას არ ჰქონდა უფლება სახელმწიფო სახსრები ნაციონალური მოძრაობის კამპანიის მიზნებისთვის დაეხარჯა.

მეორე საქმე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის საკითხს ეხება, რომელზეც მას ასევე წაეყენება ბრალი, უგულავას თქმით, „აბსურდის მწვერვალია“. მისი თქმით, იგი დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც ისიც კი არ იცის, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით წაუყენებს მას ბრალს გამოძიება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რაიმე სახით შეიძლება ბრალი დამიმტკიცდეს. მე მზად ვარ გამოძიებისთვის, მე მზად ვარ სასამართლოზე წარსადგენად“, – განაცხადა უგულავამ.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის „რეალური განზრახვაა“ ქართული ოცნების მიერ „საკუთარი ძალაუფლების გავრცელება თბილისის მერიაში“. უგულავას თქმით, თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რათა დატოვონ ნაციონალური მოძრაობა. ცოტა ხნის წინ საკრებულო ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმა დატოვა. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ერთ–ერთი ბოლო იყო, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა საკრებულოში.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ იგი პირველი ვიცე-მერის პოსტზე საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან სევდია უგრეხელიძეს დანიშნავს, ხოლო მისი ერთ-ერთი მოადგილის პოსტს ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს სთავაზობს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში გადავა თბილისის მერიაში, თუ უგულავას დააპატიმრებენ და იგი ვეღარ შეძლებს მერის მოვალეობების შესრულებას.

უგულავას შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველ არხზე გადაცემა „აქცენტებში“ 22 თებერვალს განაცხადა, რომ მას  იმედი აქვს, რომ  „საქართველოში კიდევ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“. 

„აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ  – ნუ გიგი პიროვნულად, რა თქმა უნდა, თავის თავს დაიცავს და ძლიერი პიროვნებაა – მაგრამ მთავარია, რომ ასევე საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფალი თვითმმართველობა, თბილისის თვითმმართველობა. ეს, ახლა არ ეწყინოს გიგის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაჭერა ან არ დაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილს იანვარში საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შეახსენა, რომ „აგრესული და ძალადობრივი რიტორიკის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, რომ მათ ეფიქრათ ამნისტიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი დაისჯება და ძალიან ბევრს მოუწევს პასუხისგება, ამის სანაცვლოდ სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავას და მერაბიშვილიც არიან გმირები და ისინი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button