მოსკოვის სასამართლომ გივი თარგამაძის დაპატიმრების სანქცია გასცა
მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 21 თებერვალს მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ბრალდებული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის დაუსწრებლად პატიმრობაში მიცემის სანქცია გასცა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გივი თარგამაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუს ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად მოსკოვში არეულობების ორგანიზების გამო. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 30–ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რომელიც ეხება „დანაშაულის მომზადებას“ და ასევე იმავე კოდექსის 212–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ეხება „მასობრივი არეულობების ორგანიზებას, რასაც თან ახლავს ძალადობა“, რაც 4–დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თარგამაძე საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დეპუტატის დაკავებას პარლამენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიციას სხვა სახელმწიფოებში.
დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ თარგამაძე საქართველოს მოქალაქე და პარლამენტის წევრია და ქართული სახელმწიფო მას დაიცავს.
ოქტომბერში რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სერგეი უდალცოვის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტის წინააღმდეგ.
უდალცოვს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების დაგეგმვა „უცხოელი მოქალაქეების“ დახმარებით – ამგვარი ბრალდება დოკუმენტურ ფილმში გაჟღერდა, რომელიც ტელეკომპანია NTV-მ გაუშვა.
დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია – 2“ მოიცავს ფარულად ჩაწერილ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ ჩანს გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე რუს ოპოზიციონერს ხვდება, რომელთა შორის სავარაუდოდ ასევეა უდალცოვი. ფილმის თანახმად, შეხვედრის მონაწილეები რუსეთში ფართომასშტაბიან არეულობებს გეგმავდნენ პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდების მიზნით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა 2012 წლის ივნისში მისკში გაიმართა. იმ დროს თარგამაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
თარგამაძემ უარყო რაიმე მონაწილეობა და მას პუტინის მიერ გამოგონილი პროპაგანდა უწოდა. უდალცოვმაც უარყო რაიმე კავშირები თარგამაძესთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)