skip to content
ახალი ამბები

ეუთო ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს განახორციელებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო. 

პირველი ასეთი სასამართლო პროცესი, რომელზეც ODIHR–ის ექსპერტთა ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს, არის ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი, რომელსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

საქმის წინასწარი მოსმენა, რომელიც ახალაიას გარდა ასევე ეხება შვიდ სხვა ბრალდებულს, 20 თებერვალს გაიმართა და 28 თებერვლისთვის გადაიდო.    

„სასამართლო პროცესის მონიტორინგი ძლიერი მექანიზმია სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ODIHR–ის დირექტორმა იანეშ ლენარჩიჩმა 20 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში, „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მონიტორინგი საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას“.

ODIHR–ის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი ადგილობრივ კანონმდებლობას და სასამართლო პროცედურებს შეაფასებს, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.

ეუთოს განცხადებით, ჯგუფი საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც აღწერილი იქნება ყველა ის შესაძლო ხარვეზი, რომლებიც მონიტორინგის პროცესში შეიძლება გამოვლინდეს და ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად აღსრულებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button