
თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება 19 თებერვალს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან, ასევე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
ამასთან, ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.
ნატოს შტაბბინაში გამგზავრებამდე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტს გეგმავს ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რომლის ფარგლებშიც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნობიან.
„თვეების განმავლობაში ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობდით, რომ ასეთი მაღალი, პოლიტიკური ვიზიტი განხორციელებულიყო საქართველოში წელს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მიდის ძალიან მწყობრად ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს დასტურია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა საქართველოს, ჩვენს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ასევე, თავად ღირებულებას, რასაც ნატოსთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი წარმოადგენს“, – განაცხადა ალასანიამ 18 თებერვალს და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის თარიღი ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში საბოლოოდ დადგინდება.
ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, უკვე მესამედ ეწვევა საქართველოს; უკანასკნელად საბჭო თბილისს 2011 წლის ნოემბერში სტუმრობდა, ხოლო პირველი ამგვარი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დროსაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი.