ახალი ამბები

ფანჯიკიძე ამერიკელი დეპუტატების მიერ ჯონ კერისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ოთხი ამერიკელი დეპუტატის მიერ სახელმწიფო მდივნისთვის, ჯონ კერისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოში „წარმოშობილი კრიზისის“ საპასუხოდ „სრული დიპლომატიური რესურსის“ გამოყენებისკენ მოუწოდებს, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
 
„მე ვფიქრობ, რომ კონგრესმენების განცხადება გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ან ეს ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ არ არის ზუსტი. ამიტომ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და ყველას, ვისაც აინტერსებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, ჩამობრძანდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნონ ვითარებას“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს 16 თებერვალს.
 
სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 15 თებერვლით თარიღდება, წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის მიმართ ქვეყნის შემდგომ ერთგულებას, იტყობინება კონგრესის გაზეთი The Hill 15 თებერვალს.
 
„საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის გამოძიებები და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და საჯარო მოხელეების დაკავებები, ამერიკის შეერთებული შტატების დაუყონებლივ ყურადღებას მოითხოვს“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი კონგრესმენები მაიკლ ტერნერი; მარიო დიაზ-ბალარტი და ბილ შუსტერი, ასევე კონგრესის დემოკრატი წევრი ელისონ შვარცი; ეს ორი უკანასკნელი კონგრესში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის – Congressional Georgia Causus-ის თანათავმჯდომარეები არიან.
 
„მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დასადასტურებლად. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დიპლომატიური რესურსი წარმოშობილი კრიზისის საპასუხოდ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button