
რუსეთმა გივი თარგამაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა 14 თებერვალს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუს ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად მოსკოვში არეულობების სავარაუდო ორგანიზების გამო.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 30–ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რომელიც ეხება „დანაშაულის მომზადებას“ და ასევე იმავე კოდექსის 212–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ეხება „მასობრივი არეულობების ორგანიზებას, რასაც თან ახლავს ძალადობა“, რაც 4–დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„დღეს გამოძიებამ თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა“, – განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, „უახლოეს მომავალში გამომძიებლები შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს მისი დაუსწრებლად პატიმრობაში მიცემის მოთხოვნით“.
თარგამაძე საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დეპუტატის დაკავებას პარლამენტის თანხმობის გარეშე.
რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა 13 დეკემბერს, რომ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც „ადასტურებს“, რომ ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე რუს ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად მოსკოვში არეულობების ორგანიზებაში მონაწილეობდა. რუსეთის ფედერალურო საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა განაცხადა მაშინ, რომ გამომძიებლებს აქვთ „მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გივი თარგამაძე არა მხოლოდ აფინანსებდა რუსულ ოპოზიციას“, არამედ კონკრეტული როლიც ჰქონდა 2012 წლის მაისში მოსკოვის ბალოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში. მაშინ გივი თარგამაძე პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
ასევე დეკემბერში, რუსულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა Lifenews.ru-მ აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, მისი თქმით, იყო საუბარი თარგამაძესა და ორ რუს ოპოზიციურ აქტივისტს შორის – ესენი არიან ლეონიდ რაზვოჟაევი და კონსტანტინ ლებედევი, ოპოზიციური მოძრაობის „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის სერგეი უდალცოვის თანაშემწე, რომლებიც სავარაუდოდ მოსკოვში საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე საუბრობენ. რაზვოჟაევი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო 13 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ლებედევის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო; მას შინა პატიმრობა მიესაჯა; ორივე მათგანს მასობრივი არეულობის მოწყობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
ოქტომბერში რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სერგეი უდალცოვის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტის წინააღმდეგ.
უდალცოვს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების დაგეგმვა „უცხოელი მოქალაქეების“ დახმარებით – ამგვარი ბრალდება დოკუმენტურ ფილმში გაჟღერდა, რომელიც ტელეკომპანია NTV-მ გაუშვა.
დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია – 2“ მოიცავს ფარულად ჩაწერილ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ ჩანს გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე რუს ოპოზიციონერს ხვდება, რომელთა შორის სავარაუდოდ ასევეა უდალცოვი. ფილმის თანახმად, შეხვედრის მონაწილეები რუსეთში ფართომასშტაბიან არეულობებს გეგმავდნენ პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდების მიზნით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა 2012 წლის ივნისში მისკში გაიმართა.
თარგამაძემ უარყო რაიმე მონაწილეობა და მას პუტინის მიერ გამოგონილი პროპაგანდა უწოდა. უდალცოვმაც უარყო რაიმე კავშირები თარგამაძესთან.
This post is also available in: English Русский