ახალი ამბები

უსუფაშვილი ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაგმო დღეს თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი და განაცხადა, რომ „უფრო მეტი პრევენციული ზომების“ მიღებაა საჭირო მსგავსი „დადგმული სპექტაკლების“ თავიდან ასაცილებლად.

უსუფაშვილი მიესალმა ინციდენტის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას, თუმცა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, ვისაც გაკვეთილის მიღება შეგვიძლია“

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციაც, მისი ხელმძღვანელებიც გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, რომ კიდევ უფრო, როგორც ჩანს, საწყის ეტაპზეა მისაღები ზომები და საწყის ეტაპზეა მსგავსი გართულებები თავიდან ასაცილებელი“, – განაცხადა მან.

„ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ უნდა მოვახერხოთ. პასუხისმგებლობა ეკისრება ახალ მთავრობას, ახალ ხელისუფლებას და ჩვენ ერთად ეს უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ“, – განაცხადა მან, „ვერანაირი არგუმენტი ვერ გაგვათავისუფლებს ჩვენ  – მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას, სამართალდამცავ სისტემას იმისგან რომ მსგავსი მოვლენები თავიდან უნდა ავიცილოთ. თუ საჭიროა ხუთჯერ მეტი პოლიცია უნდა მივიყვანოთ თუნდაც ერთი მოქალაქის დასაცავად – ეს ჩვენი ვალდებულებაა“.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ „დადგმული სპაქტაკლი“ და „გამოწვევა“ უწოდა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის პარლამენტში დაგეგმილი ყოველწლიური მოხსენება გადადო, თუმცა არ გაუუქმებია, რის შემდეგად პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისთვის ისეთი ადგილი შეარჩია ეროვნული ბიბლიოთეკის სახით, სადაც „რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

„მან უნდა გაიაზროს და დაინახოს, რომ საქართველოში დაგროვილია ძალიან სერიოზული უკმაყოფილება, ძალიან სერიოზული გაბრაზება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ როცა ამას ანგარიშს არ უწევს, ე.ი რაღაც მიზნებთან გვაქვს საქმე და ეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა ბატონი გიგი უგულავას ქმედებით, როდესაც ნახეთ კადრები, რომ მან დაახლოებით 40 მეტრი გაიარა სკანდირებით და ხელების ქნევით ‘აბა მოდით, აბა ვინ ხართ’. ამგვარი გამომწვევი ქმედება არ შეიძლება იქნას რომელიმე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მხრიდან“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„უგულავამ პროვოკაცია მოაწყო, ჩიორა თაქთაქიშვილი გაილახა – აი ასე მოქმედებენ ეგენი“, – განაცხადა მან.

პარლამენტის სპიკერმა დაგმო ინციდენტის ადგილზე მყოფი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტები და იმედი გამოთქვა, რომ კანონდამრღვევები დაისჯებიან.

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პოლიტიკური გამოსავალი აღარ დარჩა, იგი მიდის ყველაფერზე, იგი მზადაა საკუთარ ახირებებს შეწიროს ქვეყანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„და აქ დგება უკვე ჩემი, მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მოსახლეობის პასუხისმგებლობა“, – განაგრძო მან, „ნუ მივცემთ ამ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ სხვა დღის წესრიგი შექმნან ამ ქვეყანაში, რომ იმ პრობლემებს გექცნენ, რა პრობლემების გამოც მათ ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლებაზე“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არსებული პოლიტიკური დაძაბულობას მოხსნის „გასაღები“ დევს პრეზიდენტის უფლებემოსილებებზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევაში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – ამ საკითხზე შეუთანხმებლობა დასახელდა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადების მიზეზად.

„ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმომადგგენლობის უმრავლესობა მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ერთმა ადამიანმა არ დაუშვა ეს, იმიტომ რომ ნორმალიზაცია ამ ქვეყანაში არ აწყობს ერთ ადამიანს“, – განაცხადა უსუფაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილზე მინიშნებით.  

Back to top button