skip to content
ახალი ამბები

მომიტინგეები პრეზიდენტის გამოსვლის წინ ეროვნული ბიბლიოთეკასთან შეიკრიბნენ

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, სადაც საღამოს 6 საათისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მისვლა და მოსახლეობისადმი მიმართვა იგეგმება, მომიტინგეები არიან შეკრებილები.

მომიტინგეები, რომელთა შორის ის ყოფილი პატიმრებიც არიან, რომლებიც მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც ისინი პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა, მოითხოვენ, რომ მათი წარმომადგენლები შეუშვან პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად, რათა შემდეგ მას კითხვები დაუსვან.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის შიგნით შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომიტინგე ბიბლიოთეკის შენობაში შეიჭრა.

აქციის ერთ–ერთი მონაწილის მელორ ვაჩნაძის თქმით, მომიტინგეებს სურთ, რომ სააკაშვილი სირცხვილის დერეფანში გაატარონ.

სამართალდამცავი სტრუქტურები ადგილზე არიან მობილიზებული, რომლებიც ცდილობენ, რომ მომიტინგეები შენობაში არ შეუშვან.

„ჩვენი ინფორმაციით იგეგმება პროვოკაციები, რომლის მთავარი მიზანი აღნიშნული შეხვედრის ჩაშლაა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. „ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედევად საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ღონისძიების გადადებას“. 

„მთელი პასუხისმგებლობა ამ დაგეგმილ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს იგეგმება, დაეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრს, რომელიც თავად გახლავთ ამ აქციის ორგანიზატორი“, – დასძინა მან.

პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური გამოსვლა თავდაპირველად 8 თებერვალს პარლამენტში იგეგმებოდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც მოგვარდება უთანხმოება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით მოსახლეობას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

როდესაც პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილ ღონისძიებაზე ჰკითხეს, მან უთხრა ჟურნალისტებს 8 თებერვალს: „ეს უმრავლესობამ გააკეთა, პარლამენტმა გააკეთა. პარლამენტში არ წავიდა მიშა და სამაგიეროდ ბიბლიოთეკაში წავიდა. მაგრამ საკითხავად არა. მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალი არ არის, მიშა მეტყველია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button